დღეს დიდი მატჩია: საქართველოს შეუძლია ისტორიაში პირველად მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე. საუბარია ფეხბურთზე, საუბარია გუნდურ დისციპლინაზე, თორემ ოლიმპიადაზე ოქროებიც ბლომად აგვიღია. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ¼ ფინალი თუ მოუგო ისრაელს, უდიდესი ალბათობით პარიზის ოლიმპიადაზე წავალთ.
ოლიმპიურ თამაშებზე ოცნებობს ჩვენი მეტოქე ისრაელიც.
რა ხდება მეტოქის ბანაკში და რას ამბობენ ისინი.
ისრაელის ნაკრებმა „დინამო არენაზე“ დასკვნითი ვარჯიში ნაადრევად დასრულა. მთავარ მწვრთნელ გაი ლუზონს არ სურდა, რომ მისი ვარჯიში უცხო ხალხს ენახა.
აქამდე ლუზონი ჯგუფურ ეტაპის ყველა მატჩში განსხვავებული სათამაშო სქემით გამოდიოდა. საქართველოსთან დისკვალიფიცირებული როი რაბივო არყოფნის გამო მწვრთნელმა შესაძლოა სამი ცენტრალური მცველით ითამაშოს.
გაი ლუზონი:
„მზად ვართ და ველოდებით ამ მომენტს, რომელიც ოლიმპიადაზე თამაშის საშულებას მოგვცემს. ჩემპიონატამდე ეს იყო ოცნება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ეს რეალური მიზანი გახდა.
კმაყოფილები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით თუ ოლიმპიადაზე ვითამაშებთ. მობილიზებული ვართ, რადგან გაგვიჩნდა ისეთი უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ბევრს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონდეს.
სავსე ტრიბუნების წინაშე გვითამაშია. ეს ჩვენში შიშს არ გამოიწვევს, რადგან ასეთ თამაშებში მონაწილეობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდით.
კარიერაში ყველაზე დიდი თამაში მელის. ოლიმპიადა ჩემი ამბიციებისა და ოცნების მწვერვალია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“.
სტავ ლამკინი (ცენტრალური მცველი):
„გულშემატკივარი ფეხბურთის ნაწილია. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობამ წელს სავსე სტადიონების წინაშე ბევრჯერ ითამაშა. ვფიქრობ, სასიამოვნოცაა ის ფაქტი, როდესაც სტადიონზე ხალხმრავლობაა. საქართველოსთან მატჩისთვის კი ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვართ.
ჩვენი მიზანია საკუთარი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისრაელის ნაკრებმა მიზანს მიაღწიოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მზად ვართ ნებისმიერი სტილის ნაკრებთან ასპარეზობისთვის.
რაც შეეხება დაღლილობას, ისრაელში ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით დაიკავებდა ჩვენს ადგილს. მჭიდრო გრაფიკის გამო არ ვწუწუნებთ. ოლიმპიადაზე გასვლისთვის 20 შეხვედრის ჩატარება რომ მოგვიხდეს, ყველას ვითამაშებთ. საქართველოში ჩამოსული ჩვენი ოჯახის წევრებიც ძალასა და ენერგიას გვაძლევენ“.
ქომაგი დღეს ისრაელსაც ეყოლება, მეტოქეს დაახლოებით 2000 ადამიანი გაამხნევებს.
ისრაელის ნაკრების გულშემატკივრებმა ათასზე მეტი ბილეთი შეიძინეს, ხოლო ფეხბურთელებმა, პერსონალმა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის წევრებმა 500-მდე ბილეთი მიიღეს. თამაშს, სავარაუდოდ, 2000-ზე მეტი ისრაელელი და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველო-ისრაელის უმნიშვნელოვანესი მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings