ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთის ნაკრები 2022/2023 წლის ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირის ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა – 0:0 (5:4 პენალტების სერიაში).
ფინალამდე ესპანელებმა იტალიის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგეს, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა ოთხთა ფინალის მასპინძელი ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა და შანსი ჰქონდა, ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოეგო.
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული და მძიმე გამოდგა. გუნდები ზედმეტად არ რისკავდნენ, ფეხბურთელები ძირითადად ერთმანეთის შეცდომებს ელოდნენ. ფინალში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და შეიძლებოდა, თამაში პენალტების სერიამდე არც მისულიყო. ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ესპანელებს ჰქონდათ, მაგრამ ფატის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან პერიშიჩმა გამოიტანა.
პენალტების სერიაში კი ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონმა 2 დარტყმა მოიგერია და „ფურია როხამ“, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო.
ესპანეთის ნაკრები გახდა მეორე გუნდი საფრანგეთის შემდეგ, ვისაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის გარდა, ერთა ლიგაც აქვს მოგებული.
მესამე ადგილი იტალიამ მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.
ერთა ლიგა 2022/23. ფინალი
ხორვატია – ესპანეთი 0:0, პენ 4:5
18.06. როტერდამი. დე კუიპი. 38 364 მაყურებელი
პენალტების სერია: 1:0 ვლაშიჩი, 1:1 ხოსელუ, 2:1 ბროზოვიჩი, 2:2 როდრი, 3:2 მოდრიჩი, 3:3 მერინო, 3:3 მაიერი (მეკარე), 3:4 ასენსიო, 4:4 პერიშიჩი, 4:4 ლაპორტი (ძელი), 4:4 პეტკოვიჩი (მეკარე), 4:5 კარვახალი
ხორვატია: ლივაკოვიჩი – იურანოვიჩი (112. სტანიშიჩი), შუტალო, ერლიჩი, პერიშიჩი – მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი – პაშალიჩი (61. პეტკოვიჩი), ივანუშეცი (78. ვლაშიჩი), კრამარიჩი (90+1. მაიერი)
ესპანეთი: სიმონი – ნავასი (97. კარვახალი), ლე ნორმანი (78. ნაჩო ფერნანდესი), ლაპორტი, ალბა – როდრი, ფაბიან რუისი (78. მერინო) – ასენსიო, გავი (87. ოლმო), პინო (66. ფატი) – მორატა (66. ხოსელუ)
ესპანეთმა 2012 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.
ესპანელთა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ პირველი ტიტული მოიგო – ის ეროვნული გუნდის თავკაცად 2022 წლის დეკემბერში დანიშნეს.
ხესუს ნავასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია.
ხორვატიამ XXI საუკუნეში პლეი-ოფის 13 მატჩიდან 10 ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა – მოდრიჩმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
GIPHY App Key not set. Please check settings