2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ჯგუფშიც დაიწყო. A ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში შოტლანდიამ თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი კვიპროსი მიიღო და 3:0 დაამარცხა.
მართალია რაღაც განსაკუთრებული გუნდი არც შოტლანდიაა და ციდან ვარსკვლავები არც ამ შეხვედრაში მოუწყვეტია, მაგრამ „ჰემპდენ პარკზე“ უპირატესობას კი ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. მართალია ანგარიში დიდია, მაგრამ ორი გოლი მიწურულს გავიდა, როდესაც სტუმრებმა მატჩის გადარჩენა და ცოტა შეტევაში წასვლა სცადეს.
შოტლანდია – კვიპროსი 3:0
გლაზგო. “ჰემპდენ პარკი”
გოლები: 1:0 მაკგინი (21), 2:0 მაკტომინი (87), 3:0 მაკტომინი (90+3)
გაძევება: იოანუ (90+5)
სტივ კლარკი (შოტლანდიის მწვრთნელი):
„შედეგი კარგია, ალაგ-ალაგ კარგი შესრულება იყო. არის რაღაცეები, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია. ისტორიულად ტურნირს ყოველთვის კარგად არ ვიწყებთ, ამიტომ სასიამოვნოა სამი ქულის მოპოვება და ახლა სამშაბათს ფანტასტიური ღამის მოლოდინში ვართ (ესპანეთს ეთამაშებიან შინ). დაცვაშიკარგად ვითამაშეთ. ბოლო ათი წუთი ძალიან ნერვიული იყო. მადლობა ფეხბურთელებს. ცოტა უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ თუ სამუშაო არაფერია, მოსაწყენი ხდება, არა?!”
ჩვენი ჯგუფის მთავარი მატჩი კი მოგვიანებითაა. მალაგაში, ესპანეთის ნაკრები ჰოლანდის გარეშე დარჩენილ ნორვეგიას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები კი მოგეხსენებათ ტურნირში 28 მარტს ჩაერთვება, ბათუმში ესპანეთიდან ჩამოფრენილ ნორვეგიას ვეთამაშებით.
ამავე დღეს შოტლანდია ესპანეთს მიიღებს და აქ უფრო გამოჩნდება რა გუნდი ჰყავთ ბრიტანელებს.
ქეცბაიას კვიპროსს კი მომდევნო მატჩი სწორედ საქართველოსთან უწევს – 17 ივნისს, შინ.
GIPHY App Key not set. Please check settings