in ,

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო ბედნიერი, ახლა კი ბედნიერი ვარ: გიორგი მამარდაშვილი

„პლაზა დეპორტივომ“ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა შვეიცარიაში, სადაც გუნდმა წინასასეზონო შეკრებაზე ორივე საკონტროლო თამაში მოიგო. მან ესპანეთში გატარებულ პირველ სეზონზე, მომავალ მიზნებსა და კლუბში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

– წინასასეზონო შეკრება როგორ მიმდინარეობს?

– ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, აქ ბოლო თამაში „შტუტგარტთან“ გვაქვს და მოგება გვინდა.

– თავიდან გავიხსენოთ თქვენი ჩამოსვლა.

– მესამე მეკარედ მოვედი სარეზერვო გუნდში, მაგრამ თანდათან შრომისმოყვარეობით აქამდე მოვედი.

– რა იფიქრე, როცა „ვალენსიამ“ დაგირეკა?

– „ვალენსიას“ ისტორიას უკვე ვიცნობდი… მამამ რომ დამირეკა, ძალიან გამიხარდა.

– როგორ გადაიტანეთ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში პირველი თამაშები?

-მგონი, გამიმართლა, მაგრამ პირველ თამაშებში ლა ლიგასთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა შრომით გამომივიდა.

– როგორ გრძნობდით თავს, როდესაც ადგილი დაკარგეთ?

– ყოველდღე გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი, რადგან სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას მეტი შრომაც გიწევს და მეტი ფიქრიც. ოთხი თვე თამაშის გარეშე ძალიან რთულია.

– როგორი ურთიერთობა გქონდა ამ დროს ბორდალასთან?

– ბორდალასი ჩემს მიმართ ამ დროსაც არ შეცვლილა, ის დიდი მწვრთნელია და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გამიკეთა.

– რაც შეეხება შენს დაბრუნებას, ამას როგორ გაიხსენებ?

– ოთხი თვის შემდეგ მორალურად უფრო ძლიერი და უფრო მომზადებული ვიყავი, ყველა თამაში უკეთესად გამომივიდა.

– რას ფიქრობთ ხალხის მხარდაჭერაზე?

– ჩემთვის ძალიან კარგია, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ეს უფრო მოტივირებულს მხდის.

– ესპანეთის თასის ფინალი სამწუხარო შედეგით დასრულდა.

– ფინალისთვის დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ წელს ტიტული ვერ მოვიპოვეთ.

– ფინალამდე ინერვიულეთ?

– არასდროს ვნერვიულობ, რადგან საკუთარი თავის მჯერა.

– როგორ უყურებ პენალტების სერიას?

– იღბალია… არაფერი, შემდეგ ჯერზე გავიმარჯვებთ და იმედია, ეს წელს მოხდება.

– არის თუ არა მიზანი ევროსაგზურის მოპოვება?

– მნიშვნელოვანია, რომ გატუზოს მოთხოვნა ევროსაგზურის მოპოვებაა. ეს არის მიზანი. ამაზე გასახდელში ვისაუბრეთ და ჩვენ გვჯერა, რომ ამას შევძლებთ.

– გატუზოს ხელმძღვანელობით ეს შესაძლებელი იქნება?

– რთული იქნება, მაგრამ მენტალურად და ტაქტიკურად მასთან მუშაობა მომწონს, მან გუნდში მუშაობის სტილი შეცვალა, ახლა ბევრ პასს ვაკეთებთ. ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. ეს ძალიან მომწონს.

– გედეში ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

– ყველას გვინდა, რომ დარჩეს.

– „ვალენსიაში“ შენს მომავალს როგორ ხედავ?

– „ვალენსიასთან“ 2+1 კონტრაქტი მაქვს და ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონს ქალაქი, ხალხი… მგონი სტადიონიც მალე განახლდება, ამაზე კორონა („ვალენსიას“ აღმასრულებელი დირექტორი მიგელ ანხელ კორონა) გველაპარაკა.

– გიწვევდნენ ისეთი გუნდები, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“…

– მესმის, მაგრამ ახლა ჩემთვის პირველ ადგილზე „ვალენსიაა“, მერე ვნახოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო ბედნიერი, ახლა კი ბედნიერი ვარ, მომწონს გუნდი, მომწონს ქალაქი…

– რა მიზანი გაქვს „ვალენსიაში“?

– მოვიგო ტიტული, თასი ან ლა ლიგა. რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუარესი სამშობლოში დაბრუნდა, აიაქსი წინდაუხედავად მოიქცა, ბარსა მოშორებაზეცაა და ყიდვაზეც – სატრანსფერო ამბები

კაცი, რომელიც რონალდოს გაუტოლდა