გიორგი ჩაკვეტაძე უკვე „ჰამბურგის“ ძირითადის წევრია. მეტიც, ჩვენიანმა პირველად ითამაშა მთელი მატჩი. სამწუხაროდ, ქართველის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ნიურნბერგთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კარის წინ დარჩენილს მეკარემ აუღო. მეორე ნახევარში ჩაკვეტაძე ბოლოსკენ გააქტიურდა, რამდენჯერმე შეეცადა თამაშის გამწვავებას, მაგრამ უშედეგოდ.
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში ისევ გაიტანა. 23-ე ტურში „უიპეშტმა“ „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლა. ზივზივაძე ძირითადში იყო, ხოლო გიორგი ბერიძე განაცხადში ვერ მოხვდა. 32-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა: ზივზივაძე საჯარიმოსთან ორი მცველს გასცდა და ძლიერად და ზუსტად დაარტყა. ეს ბუდუსთვის სამ მატჩში გატანილი მე-4 გოლია.
„უიპეშტმა“ 2:1 გაიმარჯვა. ზივზივაძის გადასვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და მე-12-დან მე-8 პოზიციაზე ავიდა.
კვიპროსის ჩემპიონატში ფინალური ეტაპი დაიწყო. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ პირველ ტურში ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ამით შეწყდა 17-მატჩიანი წაუგებელი სერია. ფამაგუსტელთა კარს ისევ გიორგი ლორია იცავდა, რომლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ქეცბაიას გუნდი 38 ქულით მე-4 ადგილზეა.
დაშავებულია თორნიკე ოქრიაშვილი და გამოტოვა პირველი ტურის შეხვედრა, რომელშიც მისი „აპოელი“ შინ „არისს“ დაუზავდა – 1:1.
იქაური პრესა წერს, რომ ტრავმის გარდა ქართველ ფეხბურთელს ბოლო დღეებში სიცხეც ჰქონდა და ვირუსით დაავადდა
„აპოელის“ რიგებში არ უთამაშია მურთაზ დაუშვილსაც, რომელიც ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო. ძირითადში იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც სრულად ითამაშა.
მე-17 წუთზე ქვილითაიამ პენალტი ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო. თუმცა გიორგიმ მალე გამოასწორა შეცდომა – 25-ე წუთზე შეტევა ჩაშალა და „აპოელის“ იერიში წამოიწყო, რომელიც ნდონგალამ ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
„ვალენსიამ“ შინ „გრანადას“ დამაჯერებლად მოუგო – 3:1. ვალენსიელთა კარში ხაუმე დომენეკი იდგა. ჩვენი ცნობით, გიორგი მამარდაშვილს სიცხე ჰქონდა.
შეგახსენებთ, ქართველმა მეკარემ ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings