in

შოტლანდია ზღაპარში რჩება: ლიდერი ჰოლანდმაც ვერ გატეხა – ახლა საქართველოსთან მოგებაც გვჭირდება

ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების ჯგუფში შოტლანდია ნორვეგიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში ნორვეგიამ 61-ე წუთზე გახსნა. ერლინგ ჰოლანდმა პენალტი მოიპოვა და თავადავე გაიტანა. ეს ჰოლანდის პირველი გოლია ბოლო 6 მატჩში. ახლა მას ნაკრებში 22 გოლი აქვს გატანილი 24 მატჩში. სანაკრებო რეკორდი კი მხოლოდ 33 გოლია.

თამაში მშვიდად მიდიოდა მასპინძელთა გამარჯვებისკენ, როდესაც სტუმრებს ფორტუნამ გაუღიმა კი არა, მაგრად აკისკისა. 87-ე წუთზე, მცველი შეცდა, ბურთი მოსახერხებელ პოზიციაზე ლინდონ დაიკსს დაუგორა და ანგარიში გათანაბრდა. ეს ბოლო არ ყოფილა: 89-ე წუთზე სტუმრებს გამარჯვება იმავე დაიკსის პასით კენი მაკლინმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ 1:0-ზე მწვრთნელმა ჰოლანდი გაიყვანა, ამაზე მან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სოლბაკენი: „ბოლო რამდენიმე წუთი ნორვეგია მასთან ერთად თითქმის კაცნაკლული თამაშობდა. ის უბრალოდ გამოიფიტა“.

ცხადია, ბევრად ბედნიერი იყო შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი. სტივ კლარკი:

„კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან ნორვეგია ძლიერი გუნდია და დიდ ზეწოლას გავუძელით. გამარჯვების რწმენა არ დაგვიკარგავს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამისთვის ჯილდოდ 3 ქულა მივიღეთ.
თამაშის ბედი შეცვლაზე შემოსულმა კენი მაკლინმა გადაწყვიტა. ეს ბევრს მეტყველებს როგორც ჩვენი გუნდის, ასევე სათადარიგოთა სკამზე მყოფთა ხასიათსა და საერთო სულისკვეთებაზე. მოთამაშეებთან მუდმივად ამაზე ვსაუბრობ. ჩვენს ბევრ ფეხბურთელს აქვს ის კლასი, რომელიც აუცილებელია, რომ შოტლანდიის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს.
თუ ჩვენ გვინდა დიდ ტურნირებზე მოხვედრა, ქულები ძლიერ გუნდებთან უნდა დავაგროვოთ. ამიტომ, ეს სამი ქულა უმნიშვნელოვანესია. ამ გამარჯვებით ჩვენი გუნდი სასურველ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ საქმის მხოლოდ ნაწილი გავაკეთეთ და დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებები კიდევ უფრო გვჭირდება.
საქართველოსთან მოგებით ლიდერობას კიდევ უფრო განვიმტკიცებთ, რაც ჯგუფში მიზნის მიღწევას კიდევ უფრო გაგვიადვილებს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რომლითაც ტურნირის პირველ ნაწილს დავასრულებთ“.

ნორვეგია – შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

დღესაითვის 3-დან 3 მოგებით და 9 ქულით შოტლანდია პირველ ადგილზეა. საქართველოს 2 მატჩში 4 ქულა აქვს და მე-2 ადგილი უკავია. ესპანეთი ერთა ლიგის გამო ისვენებს (3 ქულა2 მატჩში), ხოლო ნორვეგიამ სამ შეხვედრაში ერთიც ვერ მოიგო და 1 ქულა აიღო. კვიპროსს 2-დან 2 წაგება აქვს.

მომდევნო ტურში, 20 ივნისს საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას ესტუმრება, ნორვეგია კი კვიპროსს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ ვიმსახურებდით წაგებას: თემურ ქეცბაიასთვის ასეთი გულშემატკივრობა მიუღებელია

საუკეთესო კვარაცხელია იყო: ხვიჩას ძალიან მაღალი შეფასება დაუწერეს