in

შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

ესპანური “ტენერიფე”, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის ბნეი ჰერცელიას უმასპინძლეს, იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. მატჩი, რომლის MVP-ის ტიტულამდე შერმადინს მცირედი დააკლდა, ტენერიფელებმა 20 ქულის სხვაობით – 83:63 მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

4 ტურის შემდეგ “ტენერიფეს” 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, პერისტერისთან განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილი შახტარის ფეხბურთელია

აშშ Vs ნიდერლანდები და სენეგალი Vs ინგლისი