ცნობილი გახდა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ „ბარსას“ ყოფილ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს და ფორვარდ ლიონელ მესის.
როგორც CCMA იუწყება, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მოულოდნელი წაგების შემდეგ, ბარტომეუ და მესი ერთმანეთს არგენტინელის სახლში შეხვდნენ. ხელმძღვანელმა იკითხა, თუ რა უნდა ექნა მაშინდელი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდესთვის. ფეხბურთელმა მას უპასუხა, რომ მზად იყო გაემეორებინა ის, რაც საჯაროდაც თქვა: პრობლემა მწვრთნელში არ ყოფილა.
მესიმ იკითხა, მართლა აპირებდა თუ არა გუნდი ანტუან გრიზმანის ყიდვას, გრიზმანი მაშინ „ატლეტიკოში“ თამაშობდა. თუკი “ბარსა” გრიზმანს იყიდდა, მაშინ ნეიმარის დაბრუნება შეუძლებელი გახდებოდა. ბარტომეუმ ლეოს უპასუხა, რომ გრიზმანი შეთანხმებული არ იყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა. ამის შემდეგ მესი პრეზიდენტს აღარ ენდობოდა.
ფეხბურთელმა თავისი უნდობლობა ბარტომეუს მიმართ მაშინ გამოხატა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის დროს პრეზიდენტი გუნდის ვარჯიშზე მივიდა და მოთამაშეებს ხელფასის მეორედ შემცირება შესთავაზა. არგენტინელმა ბარტომეუს ყველა ფეხბურთელის თანდასწრებით უთხრა, რომ მის სიტყვას არ ენდობოდა და ხელფასის დაკლებას აღარ დაუშვებდა.
აღსანიშნავია, რომ მესის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ერთ–ერთი ბოლო შეტყობინება ასე გამოიყურება: „შენგან უკვე ინფორმაცია ჟონავს. ისევ ცდილობ გამომიყენო, ეშმაკმა დალახვროს“.
მესიმ ეს შეტყობინება მას შემდეგ გაგზავნა, რაც ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს შეხვდა და შეატყობინა რომ დიდი შანსი იყო გუნდი დაეტოვებინა. ინფორმაცია მალევე პრესაში გავრცელდა და ფორვარდმა ჩათვალა, რომ დამნაშავე ბარტომეუ იყო.
შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ მესიმ კლუბს წასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა.
კაპიტანს „ბარსათან“ კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს. ბარტომეუმ კი დაკავებული თანამდებობა 2020 წლის ოქტომბერში დატოვა.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings