in

შავმა ლომმა პორტუგალიელებს შავი დღე აყარა: 22:0

‘შავმა ლომმა’ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ უშანსოდ – 22:0 დაამარცხა და ა ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს.

ლევან მაისაშვილის გუნდს უკვე განაღდებული აქვს თასის ნახევარფინალში თამაში და 18 ნოემბერს კვიპროსში (ლიმასოლი), ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ერკინება.

ისე, როგორც ‘შავი ლომი’ ბორჯღალოსნებისთვის, ‘ლუზიტანუში’ პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდია. ამიტომ, დღეს ლისაბონში გამართული მატჩი თვენახევრის წინ საფრანგეთის მსოფლიო თასზე გამართული შეხვედრის გაგრძელებად განიხილებოდა. მაშინ პორტუგალიამ საქართველოს გეგმები აურია (18:18) და ახლა ‘შავი ლომის’ ბორჯღალოსნებს მეტოქესთან პირადი ანგარიშებიც ქონდათ.

გაუვალი დაცვით
მიუხედავად იმისა, რომ ‘შავი ლომი’ სტუმრად თამაშობდა, მოედანზე მთელი 80 წუთის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვებულის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დამდგარა. ეს არ იყო ჩვენი გუნდის საუკეთესო თამაში. პირველი ტაიმის მიწურულს, მეტოქის 22-ში ზედიზედ სამი ჩვენი დერეფანი წავაგეთ და რამდენიმე რეალური შანსიც გავანიავეთ.

აი დაცვაში კი გუნდი საიმედოდ გამოიყურებოდა. ‘ლუზიტანუშმა’ რამდენჯერმე შეძლო საკუთარი კოზირის გამოყენება და სწრაფმა უკანახაზელებმა მოახერხეს სივრცეების მოძებნა, თუმცა დაზღვევა ყველა ჯერზე კარგად გაისარჯა. უმეტეს შემთხვევებში კი მცველები მეტოქეს ეფექტური ბოჭვებით უკან ახევინებდნენ და მათ საიმედო გარჯაზე საბოლოო ანგარიშიც მეტყველებს.

პირველ ტაიმში ორი ლელო გავიტანეთ: ჯერ ირაკლი ქვათაძემ დაასრულა მოლი 5 ქულით, მერე ხაზზე გაიშალა ბურთი კარგად და ის ალამთან ოთარ ლაშხმა დაამიწა. ლუკა მატკავას ჯარიმის შემდეგ ორივე გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 10:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ‘შავი ლომის’ აქტიურობით დაიწყო. მეტოქე ხშირად ჯარიმდებოდა, რასაც 49-ე წუთზე 5-მეტრიან წყვეტილთან გათამაშებული ჯარიმა, რამდენიმე მიძალება და თენგიზ პერანიძის ლელო მოყვა. მატკავა ამჯერად ზუსტი იყო. ‘ლუზიტანუშს’ სწრაფად შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ პორტუგალიელებმა ჯერ დაფარებულ ბურთზე ვერ ითამაშეს, მერე საკუთარი 22-იდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, რომ არა აკა ტაბუცაძის ბოჭვა.

ბურთზე კონტროლი რომ დავიბრუნეთ მასპინძელთა ნახევარზე დავბრუნდით და ტაიმის შუაში აგორებულ მოლს ბექა მამრიკიშვილის ლელო მოყვა. დასკვნით წუთებში ‘ლობუშმა’ პრესტიჟის ლელოს გატანა სცადა, თუმცა გაუვალ დაცვას წააწყდა და საკუთარი ქომაგის წინაშე უქულოდ დარჩა.

‘შავმა ლომმა’ გამარჯვების 4-თან ერთად ბონუს-ქულაც აიღო. შეგახსენებთ, ქართველებს ბონუს ქულით ყავდათ დამარცხებული ესპანური ‘იბერიანსი’ (39:19) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. ‘ჰითი’, რომელსაც 5 ქულა აქვს, მეორე ტურის შეხვედრას ხვალ (12 ნოემბერს) ვალიადოლიდში, ჩვენი დროით 15:30 საათზე ‘იბერიანსთან’ გამართავს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023
ა ჯგუფი. II ტური.
11 ნოემბერი. ლისაბონი (პორტუგალია)
ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო) 0:22 (0:10)

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.

4 ლელო: ქვათაძე, ლაშხი, პერანიძე, მამრიკიშვილი
1 გარდასახვა: მატკავა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაგარი თოკო: შენგელია ისევ MVP გახდა

გიორგის ცუდი თამაში: რეალმა ვალენსია გაანადგურა – ვინ გაუტანა მამარდას