საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” კომპენსაციის სახით ლევან ყენიასგან 500 000 ევროს გადახდას ითხოვს, რაც დღევანდელი მონაცემებით 2 073 700 ლარია.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მხარეები, როგორც წესი, ასეთ დროს კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ დროს საქართველოს ყველაზე პერსპექტიულმა ფეხბურთელმა და ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზარდა დებიუტანტმა, “საბურთალოს” მაისურით პირველი შეხვედრა 2019 წლის 6 აგვისტოს ჩაატარა, ბოლო კი – 2020 წლის 7 მარტს.
ამ დროის განმავლობაში, ლევანმა ყველა ტურნირზე, 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა. შესაძლოა ვინმეს არ ახსოვდეს, რომ ამ შექმნილი 5 გოლიდან 2 ერევანში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ყენიამ სადებიუტო მატჩში, არასრულ ოც წუთში, პირად აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და თბილურ გუნდს “არარატთან” მოაგებინა.
ლევანს “საბურთალოსთან” კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და მის გახანგრძლივებაზე უარის თქმას რომ აპირებდა, წინასწარ, ჩვენი მედიასაშუალებითაც გახდა ცნობილი.
პანდემიით გამოწვეული პაუზისა და გაურკვევლობის პერიოდში, ყენია ოჯახთან, გერმანიაში გაემგზავრა და მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაც, მისთვის ნაცნობი, ამ ქვეყნის მეორე ან მესამე დივიზიონში ჰქონდა გადაწყვეტილი. მეტიც, “იურდინგენთან” თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლოს კლუბის გადაწყვეტილებით გარიგება არ შედგა.
ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება: 2020 წლის 11 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართვლოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერდა და მხოლოდ 25 ივნისს განახლდა.
როგორც ჩანს, ახალ კონტრაქტზე უარის მიღების გამო, ან ჩვენთვის უცნობი სხვა მოტივით, “საბურთალომ” ფეხბურთელს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა, ამის შემდგომ კი დავა დაიწყო. ლევანის საკითხი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო. უფლებამოსილმა ორგანომ ყენიას მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და “საბურთალოს” დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა.
მოგვიანებით, სადისციპლინო კომიტეტში უკვე ახალი სარჩელი შევიდა, ოღონდ უკვე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსგან”. თბილისური გუნდი აპელირებს, რომ ყენიამ კონტრაქტის პირობები დაარღვია და ამის გამო ფეხბურთელს კლუბის სასარგებლოდ 500 000 ევროს გადახდას სთხოვს.
GIPHY App Key not set. Please check settings