7-14 ივლისს, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. სამი ქართული გუნდის მოწინააღმდეგე კი ახლახანს გაირკვა.
თბილისის „დინამო“ მეტოქე ესტონური „პაიდე ლინამეესკონდი“ იქნება.
ქართული გუნდი განთესილი იყო, შესაბამისად, იოლი მეტოქე ერგო წილად. რას წარმოადგენს „პაიდე“? – 2004 წელს დაარსებული კლუბი, რომელიც „ფლორას“ სატელიტია.
2009 წლიდან გამოდის ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში და წელს მოახერხა თასის მოგება, კონფერენს ლიგა მათთვის მეორე ევროტურნირი იქნება.
ვინ არის გუნდის გამორჩეული მოთამაშე?
ცალსახად, რაგნარ კლავანი. ესტონური ფეხბურთის ლეგენდა, ამპლუით ცენტრალური მცველი „ლივერპულიდან“ გვახსოვს, როცა უვკე ვეტერანის სტატუსით იურგენ კლოპმა მიიყვანა, მაგრამ სათამაშო წუთები მას ჰქონდა. ასე, რომ კლავანის ბარიერის გადალახვა იოლი ამბავი სულაც არ იქნება.
შეტევაში გამორჩეული, 22 წლის ოვუსუ-სეკიერეა, რომელმაც გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა.
გუნდში აფრიკელი ფეხბურთელების სიუხვეა, რადგან 2021 წელს „პაიდემ“ გამბიურ „რეალ დე ბანჯულთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და იქიდან არაერთ მოთამაშეს იმატებს.
მთავარი მწვრთნელი – კარელ ვოოლაიდი. 44 წლის სპეციალისტი წაარსულში ესტონეთის ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელიც იყო.
გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება – 3.44 მილიონი ევრო.
„დინამოს“ ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება – 6.63 მილიონი ევრო.
„საბურთალო“ – „პარტიზან“ ტირანა
ორი დედაქალაქური გუნდის ჯახი იმ განსხვავებით, რომ ქართული გუნდი განუთესავი იყო და უფრო ძლიერ მეტოქესთან შეხვედრის ალბათობაც იყო, ისევე, როგორც უფრო იოლის, მაგალითად სან მარინოს „ტრე პენე“. კარგი, ამას გავეშვათ.
„საბურთალო“ მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ კორღალიძემ დატოვა და გუნდი მძიმე ფინანსურ სიტუაციაშია, ასე რომ, უმძიმესი მატჩების მოლოდინი, ლოგიკურია.
რას წარმოადგენს „პარტიზანი“? – ალბანეთის 16 გზის ჩემპიონი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბი. გასული სეზონი მესამე ადგილზე დაამთავრა და ჩემპიონ „ტირანას“ 15 ქულით ჩამორჩა.
გუნდის ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოთამაშეები წარმოადგენენ. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, გამორჩეულია 31 წლის ბრაზილიელი შემტევი სტენიო ჟუნიორი, რომელმაც გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა. სამი ლეგიონერი ჰყავთ აფრიკის კონტინენტიდან, თანაც ყოველი მათგანი 22 წლის ან უფრო ახალგაზრდაა, შესაბამისად, სწორებას აფრიკულ ბაზარზე აკეთებენ. გამორჩეულია ალბანელი შემტევი, ტედი კარა. 22 წლის ფორვარდმა 10 გოლი გაიტანა.
მთავარი მწვრთნელი – დრიტან მეჰმეტი. 42 წლის ალბანელს საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია, ისე კი 2022 წლის იანვრიდან „პარტიზანის“ მთავარი მწვრთნელია.
გუნდის ფეხბურთელების ჯამური ღირებულება – 5.6 მილიონი ევრო.
„საბურთალოს“ ფეხბურთელების ჯამური ღირებულება- 4.91 მილიონი ევრო.
გორის „დილა“ – ფინური „კუპსი“
„საბურთალოს“ დარად, გორული გუნდიც განუთესავი იყო და პოტენციური მეტოქეები მეტნაკლებად თანაბარი ძალის იყვნენ. „ლაჩი“, „მურა“, „ჟალგირისი“ და „ლიეპაია“.
რას წარმოადგენს „კუპსი“? – ფინეთის 16 გზის ჩემპიონი (ამ მხრივ საუკეთესოა).
გასული სეზონში გუნდმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფამდე მიაღწია და იქ „უნიონ“ ბერლინთან განადგურდა, თუმცა გზად პოლტავას „ვორსკლა“ და „ასტანა“ ჩამოიცილა. დასვკნა თავად გამოიტანეთ, რამდენად ძლიერი გუნდია…
გუნდს საკმაოდ ბევრი ლეგიონერი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა სიჭინავაა. 27 წლის ქართველი ფორვარდი უკრაინული „კოლოსიდან“ იჯარითაა გუნდში და ნელ-ნელა ეძლევა სათამაშო წუთები.
არაერთი ლეგიონერია სამხრეთ ამერიკიდან. ბრაზილიელი თალესი, რომელიც ლვოვის „რუხიდანაა“ იჯარით, ვენესუელის ნაკრების წევრი დანიელ კარილიო და ბრაზილიელი პაულო რიკარდო, რომელსაც „სანტოსში“, „ფლუმინენსესა“ და შვეიცარიულ „სიონში“ უთამაშია. ასევე პორტუგალიელი, გერმანელი და ავსტრიელი ლეგიონერები… მოკლედ, ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ. ისე კი, საუკეთესო ბომბარდირი ფინელი ტიმ ვეირინენი, რომელსაც უკვე 6 გოლიაქვს გატანილი.
ჰო, ფინეთიც საქართველოს დარად, გაზაფხული-შემოდგომის პრინციპით ატარებს შიდა ჩემპიონატს და 10 ტურის თავზე გათამაშების ლიდერი, სწორედ „კუპსია“.
მთავარი მწვრთნელი, 49 წლის სიმო ვალაკარია, რომელსაც ფეხბურთელობის ჟამს უფრო ჰქონდა მიღწევები. უთამაშია: „დერბიში“, „მაზერველსა“ და „დალასში“. „კუპსის“ მესაჭე კი 2021 წლის ზამთრიდანაა.
გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება: 5.95 მილიონი ევრო
გორის „დილას“ ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება: 4.98 მილიონი ევრო.
„დილა“ ძალიან საინტერსო პროექტია. მერამდენე წელია ეს გუნდი აფრიკულ ბაზარს ჯეროვნად ითვისებს და პირადი ხეირის გარდა ეროვნული ლიგის სხვა გუნდებსაც ასაზრდოებს. ბევრი აფრიკელი და ბრაზილიელი ფეხბურთელი + საინტერესო ქართველი ახალგაზრდები და ძალიან ჭკვიანი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკოს სახით. წყვილი მეტნაკლებად თანაბრად გამოიყურება.
მოკლედ, ამაზე უარესიც შეიძლებოდა და უკეთესიც. ფაქტი ერთია, იოლი მეტოქე არ არსებობს და ვერც იმას იტყვის ვინმე, ამ გუნდებთან თამაში შეუძლებელიაო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩინებული პერფორმანსების შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ საკლუბო დონეზეც გავიხარებთ.
შეგახსენებთ, ქართული გუნდების ყველაზე დიდი წარმატება უეფას თასის ჯგუფური ეტაპი იყო შორეულ 2004 წელს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე მოხერხდა ევროპა ლიგის პლეიოფში გასვლა, მაგრამ…
კონფერენს ლიგა ჩვენნაირი ქვეყნებისათვის მშვენიერ შანსად შეფასდა, რომელსაც გამოყენება სჭირდება. გიბრალტარის „ლინკოლნიც“ კი ვიხილეთ ჯგუფურ ეტაპზე…
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-14 ივლისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings