ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტური ჩატარდა და უკევ ცნობილია ორი გუნდი, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. ეს მოქმედი გამარჯვებული „სიტია“ და კიდევ გერმანული „ლაიპციგი“.
სხვა მხრივ, აღსანიშნავია, „მილანის“ მიერ პსჟ-ს დამარცხება და შანსის დაბრუნება. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ის, რომ „შახტარმა“ თვით „ბარსელონა“ დაამარცხა და ამაში წვლილი ქართველსაც მიუძღვის – გიორგი გოჩოლეიშვილმა სრულად ითამაშა და ერთადერთი გადამწყვეტი გოლის ასისტენტი ჩვენიანი გახდა. აზაროვი სამწუხაროდ ტრავმირებულია.
E ჯგუფი
ლაციო – ფეიენოორდი 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (45+1)
ატლეტიკო – სელტიკი 6:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 ალვარო მორატა (45+2), 3:0 გრიზმანი (60), 4:0 ლინო (66), 5:0 ალვარო მორატა (76), 6:0 საულ ნიგესი (84)
გაძევება: მაედა (23. სელტიკი)
“ატლეტიკომ” 6:0 დაამარცხა “სელტიკი”, რაც მადრიდული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩია, ხოლო ევროტურნირების მასშტაბით, მეორე – 1958 წელს ჩემპიონთა (ევროპის) თასზე ირლანდიური “დრამკონდრას” დამარცხების (8:0) შემდეგ.
ანტუან გრიზმანს ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი აქვს.
გრიზმანს „ატლეტიკოში“ 165 გოლი დაუგროვდა. მას რვა გოლი სჭირდება, რათა ლუის არაგონესს გაუსწროს და მადრიდული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.
ჩირო იმობილე მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია TOP5-ში, ვინც 2016/17 წლების (დებიუტი “ლაციოში”) სეზონიდან მოყოლებული, ერთი გუნდის მაისურით 200-ზე მეტი გოლი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით. იმობილემდე ეს რობერტ ლევანდოვსკიმ (277), კილიან მბაპემ (224), ლიონელ მესიმ (219) და ჰარი კეინმა (216) მოახერხეს.
F ჯგუფი
დორტმუნდი – ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (26), 2:0 ბრანდტი (79)
მილანი – პსჟ 2:1
გოლები: 0:1 შკრინიარი (9), 1:1 რაფაელ ლეაო (12), 2:1 ჟირუ (50)
“დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 4 მატჩი “მშრალი” ანგარიშით.
„დორტმუნდს“ 10-ჯერ ჰქონია ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულა. და ათივე შემთხვევაში გავიდა პლეი ოფში.
მილან შკრინიარმა პსჟ-ში პირველი გოლი გაიტანა.
„მილანმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე 5-მატჩიანი უგოლო სერია, რომელიც 508 წუთი გრძელდებოდა.
2009 წლის 21 ოქტომბრის (“რეალთან”, ჯგუფურ ეტაპზე) შემდეგ “მილანმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელსაც თავიდან მეტოქე იგებდა.
2005 წლის 28 სექტემბრის (“შალკესთან”) შემდეგ “მილანმა” პირველად გაიტანა და გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ 15 წუთში.
37 წლისა და 38 დღის ოლივიე ჟირუ (“მილანი”) გახდა ყველაზე ხანდაზმული ფრანგი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გაიტანა. აქამდე, რეკორდი ეკუთვნოდა ლორან ბლანს (36 წლის 338 დღის).
G ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა – ლაიპციგი 1:2
გოლები: 0:1 ჩავი სიმონსი (8), 0:2 ოპენდა (77), 1:2 ჰენრიხსი (81-საკ. კარში)
მანჩესტერ სიტი – იანგ ბოიზი 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანდი (23-პენ), 2:0 ფოდენი (45+1), 3:0 ჰოლანდი (51)
გაძევება: ლაუპერი (53. იანგ ბოიზი)
„სიტი“ და „ლაიპციგი“ ორი ტურით ადრე გავიდნენ მერვედფინალში.
ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე 34 მატჩში 39 გოლი აქვს.
ჰოლანდს „სიტიში“ ჩატარებულ 70 მატჩში 67 გოლი აქვს.
“მანჩესტერ სიტი” გახდა მე-12 გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 250 გოლი გაიტანა, თანაც ამ შედეგს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ცოტა – 119 მატჩი დასჭირდა. „სიტის“ გარდა, ტურნირზე 250 ან მეტი გოლი კიდევ 11 გუნდს გაუტანია.
ედერსონმა (“მანჩესტერ სიტი”) მოიგო 50-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაში და გაცხდა მე-8 მეკარე, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ამასთან, მან ეს 75 მატჩში (უსწრაფესი შედეგი) მოახერხა.
პეპ გვარდიოლა ზედიზედ 17 მატჩია არ აგებს „სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე უკეთესი სერია სამ მწვრთნელს ჰქონია – ლუი ვან გაალს (19), ოტმარ ჰიტცფელდსა (19) და სერ ალექს ფერგიუსონს (25).
ჩავი სიმონსი (20 წლის, 200 დღის) მესამე ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელია პატრიკ კლუივერტისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.
H ჯგუფი
შახტარი – ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 სიკანი (40 – გოჩოლეიშვილის პასით)
პორტო – ანტვერპენი 2:0
გოლები: 1:0 ევანილსონი (31-პენ), 2:0 პეპე (90+1)
გაძევება: ეკელენკამპი (50. ანტვერპენი)
„შახტარმა“ 2008 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მესამედ დაამარცხა „ბარსელონა“. უფრო ხშირად კატალონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებიათ მხოლოდ „ბაიერნს“ (10), „მილანს“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ (4). 3-3-ჯერ „ბარსელონასთვის“ მოუგიათ კიევის „დინამოს“, „იუვენტუსსა“ და „რეალს“.
„ბარსელონას“ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „შახტარს“ – ოთხი.
„ბარსელონას“ ბოლო სამ მატჩში ორი წაგება აქვს.
„ბარსელონამ“ ჩავის ხელმძღვანელობით ევროთასებზე 20 მატჩიდან მხოლოდ შვიდი მოიგო.
რობერტ ლევანდოვსკის უგოლო სერია ექვს მატჩამდე ავიდა. ბოლოს ასეთი სერია პოლონელს 2011 წელს ჰქონდა, როცა „დორტმუნდში“ თამაშობდა.
პეპე (40 წლის, 254 დღის) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. წინა რეკორდი „რომას“ ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა – 38 წლის, 59 დღის.
GIPHY App Key not set. Please check settings