საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა.
წავაგეთ: ნიდერლანდების ტოლი და სწორი არ ვართ – 0:3
მატჩის დასრულების შემდეგ, ნარინჯისფერთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენ დე ბურმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ტაქტიკა მოულოდნელი იყო.
“ვფიქრობ, თამაში კარგად დავიწყეთ. ზოგჯერ პრესინგის დროს არასწორ არჩევანს ვაკეთებდით, რითაც საქართველოს შანსს ვაძლევდით. ასეთი რამდენიმე მომენტი იყო. სამაგიეროდ, დავინახე გარკვეული დადებითი ნიშნები, როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში და კარგად ვითამაშეთ ფლანგებზეც. დე როონს პირველ ტაიმში ბევრი დაკარგვა ჰქონდა? უნდა გვესმოდეს, რომ ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევებს დაიწყებს. დიახ, მართლაც ცუდი იყო, რომ ბურთი ბევრჯერ (13-ჯერ) დაკარგა, მაგრამ ის მოედანზე სხვა საქმეებსაც აკეთებს. პირველ ტაიმში ჩვენმა ჩანაფიქრმა არ იმუშავა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი გამოსწორდა. საქართველო ყოველთვის 4-3-3 სქემას იყენებდა, თუმცა დღეს მოულოდნელად 5-2-3 სქემა გამოიყენეს. შეიძლებოდა სივრცეები უკეთ გამოგვეყენებინა.
ვეგჰორსტი ფანტასტიური თავდამსხმელია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია. ეს ვიცით და გვაჩვენა, რაც კარგია, როგორც მისთვის, ისე ჩვენთვის. მეორე ტაიმის დაწყებამდე ვუთხარი: “შენი დრო დადგება”. იქნება თუ არა ძირითადში ევროპის ჩემპიონატზე? მასთან ერთად უფრო მეტად ვართ იძულებული, რომ გრძელი პასებით ვითამაშოთ, რადგან ამ დროს ვაუტი კარგია. ამიტომ, ეს მეტოქეებიდან გამომდინარე გადაწყდება. შეგვიძლია მოვუმატოთ, როგორც შეტევის დაწყებით ფაზაში, ისე დაცვაში, წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ”, – განაცხადა დე ბურმა.
“საქართველო ნახევარდაცვაში უკნიდან თამაშობდა, რამაც ჩვენთვის თამაში გაამარტივა. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ საქმის გაკეთება სხვანაირად მოგვიწიოს, მაგალითად, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მატს ჰუმელსი ითამაშებს.
ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ იმ კრიტიკაზე, რაც ჩვენს მიმართ არსებობს. ვიცით, რომ მედია კრიტიკულია, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს პრობლემა არ არის. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და უკეთ უნდა ვითამაშოთ. საქართველოსთან ეს გავაკეთეთ, მსგავსი თამაშები კარგია იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადო”, – თქვა პსჟ-ში მოულოდნელად გადასულმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა.
GIPHY App Key not set. Please check settings