საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ესპანეთის ქალაქ არანხუესში, 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიების მეორე შეხვედრას გამართავს. “ბორჯღალოსნები” ფიჯის დაუპირისპირდებიან.
ბორჯღალოსნები ფიჯისთან სათამაშოდ დაირაზმნენ
ეს ამ გუნდების მეექვსე შეხვედრა იქნება. საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ერთადერთხელ დაამარცხა. 4 შემთხვევაში კი, გამარჯვება “მფრინავ ფიჯელებს” დარჩათ.
მფრინავ ფიჯელებს მეექვსედ შევერკინებით: 1 მოგება და 5 მარცხი
საქართველოს ნაკრებმა დღეს არანხუესის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
“შეკრების დაწყებისას აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.
მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაში არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა.
გეგმა გვაქვს და ვეცდებით ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე შაბათს გამოჩნდება”, – თქვა ლევან მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ შეხვედრაში საფრანგეთთან დამარცხდა. ფიჯიმ კი, ჯერ ესპანეთი დაამარცხა. შემდეგ კი, ვერნ კოტერის ჰუნდი “მილენიუმზე” უელსთან დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings