in

უკეთეს ისტორიას ჰოლივუდის სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა

სპანური გამოცემის, „დარიო ასის“ ჟურნალისტმა დავიდ ალონსომ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ვრცელი და საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

გიორგი მამარდაშვილი – მეოცნებე მამის სიამაყე

„2005 წლის გაზაფხულზე ოთხი წლის გიორგი მამარდაშვილს მამა თბილისის პარკებში ბურთს ეთამაშებოდა. იმ დროს დავითი კარგი მეკარე იყო და „ვიტ ჯორჯიაში“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.

დავითი და გიორგი ერთად უყურებდნენ პრემიერლიგისა და ევროპის სხვა ჩემპიონატების მატჩებს. მამამ იცოდა, რომ ასეთ ლიგებში თამაშის შანსი არასოდეს ექნებოდა, მაგრამ მთელი თავისი ოცნება შვილზე გადაიტანა და გულდასმით დაიწყო მისი წვრთნა, უზიარებდა იმ საიდუმლოებებს, რომლებიც ორ ძელსა და ხარიხას შორის იმალება.

გიორგი სწრაფად იზრდებოდა, ის ნიჭი და უნარები, რომელსაც ის მეკარეობის საქმეში ავლენდა, მამის იმედს ასაზრდოებდა. ნოიერის თაყვანისმცემელმა, 17 წლის ასაკში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, „დინამო თბილისთან“ გააფორმა კონტრაქტი. წინსვლაში ხელი რომ არ შეშლოდა, „დინამოდან“ იჯარით ჯერ – „რუსთავში“, შემდეგ კი თბილისის „ლოკომოტივში“ გაუშვეს.

აღმოსავლეთ ევროპული ბაზრის ექსპერტსა და ვალენსიელ აგენტს, ანტონიო ლოპესს უკვე ჰქონდა ცნობები მამარდაშვილის შესახებ. მისი თამაშის ცოცხლად სანახავად 2020 წელს, ევროპის ლიგაზე „ლოკომოტივისა“ და „გრანადას“ მატჩს დაესწრო. მიუხედავად 0:2 მარცხისა, ახალგაზრდამ მეკარემ თავისი უზარმაზარი პოტენციალი გამოავლინა.

ანტონიო საქართველოში გაემგზავრა, რათა კიდევ უფრო კარგად დაჰკვირვებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელს და როდესაც სრულად დარწმუნდა მის ნიჭიერებაში, „ვალენსიას“ შესთავაზა, როგორც დასამუშავებელი ალმასი. იმ მომენტიდან, ვალენსიელთა პასუხამდე ოთხი თვე გავიდა და 2021 წლის აპრილში პასუხი იყო – „დიახ“ – მამარდაშვილს „ვალენსიის“ მეორე გუნდში ელოდნენ.

საჭირო დროს საჭირო ადგილას

მისი ქვეყნიდან გაყვანა ადვილი არ იყო, ვინაიდან ესპანეთს თბილისში საელჩო არ აქვს და პროცედურა სტამბოლში უნდა გაევლოთ. ესპანეთში ჩასვლისას, ესპანურად სიტყვაც არ იცოდა. ის ცდილობდა ესწავლა ენა, რათა მოედანზე თანაგუნდელებთან ურთიერთობა ადვილად დაემყარებინა, ტრენაჟორების დარბაზში კი სუსტი ორგანიზმის მოსაღონიერებლად მონდომებით ვარჯიშობდა.

იღბალიც მის მხარეზე იყო. სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა პირველ გუნდში კარი გაუღო, ბორდალასმა ნდობა გამოუცხადა, დანარჩენი კი თავად გააკეთა. ბრწყინვალე შეხვედრებმა უპირობო პირველ მეკარედ ჩამოაყალიბა. მისმა კარგმა მეგობარმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც „ვალენსიას“ უფასოდ შესთავაზეს 2022 წლის დასაწყისში (როცა უკრაინაში რუსეთი შეიჭრა), მას ნეაპოლიდან გამამხნევებელი მესიჯი გაუგზავნა.

მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ კლუბმა დაჩქარებული წესით კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაწერა. გუნდში თითის წვერებზე მოსული ბიჭი უკვე ვარსკვლავი გახდა, უკეთეს ისტორიას ჰოლივუდის სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა.

კონტრაქტის ხელმოწერის დღეს დაურეკა მამას, ახლა უკვე ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარეების მწვრთნელს და უთხრა: „მამა, ჩვენ ეს შევძელით, მადლობა ყველაფრისთვის“. აღელვებულმა დავითმა თავი ისე ბედნიერად იგრძნო, როგორც არასდროს.

„ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩს მამა-შვილი ერთად ვერ ნახავენ, მაგრამ ვაჟი დღეს მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება. ეს კი ის არის, რაზეც მამა ყოველთვის ოცნებობდა“, – წერია პოპულარულ ესპანურ გამოცემაში.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Voetbalprimeur: ჩაკვეტაძის ბრძოლა ძველ ნაკლთან და კითხვები გენტში დაბრუნებასთან

უნდა წახვიდე: სპალეტი აზრის შეცვლას არ აპირებს და სავარაუდოდ ნაპოლიდან მიდის