in

ტორპედომ ჯოჯოხეთს გაუძლო და გავიდა: ბოლოს გადარჩენილი და პენალტებით მოგებული თამაში

ქუთაისის „ტორპედომ“ ურთულესი ბარიერი გაიარა და ქების და მადლობის მეტი რა გვეთქმის. გაბრაზებულ და კბილებალესილ სარაევოში თამაში მარტივი რომ არ იქნებოდა, ეს მატჩამდეც ჩანდა – მასპინძლები იმუქრებოდნენ, ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდებოდნენ და ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მათ ქუთაისიდან წყენა გაჰყვათ, რადგან ქომაგებს „ტორპედოს“ სტადიონზე თამაშის ნახვის საშუალება არ მისცა ჩვენმა პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით.

მოკლედ, ვიცოდით, რომ ჩვენებს დამატებითი ზეწოლისთვისაც უნდა გაეძლოთ, ბლომად მისული მაყურებლისთვისაც და მონდომებული მეტოქისთვისაც. „სარაევომ“ გოლი მალევე გაიტანა (მე-12 წუთზე) და ეს ისე აღნიშნა, იფიქრებდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბოლო წუთებზე შეაგდო გადამწყვეტი ბურთიო.

თუმცა თამაში „ტორპედომ“ კარგად დაიწყო და ორი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ბუღრიძისა და გიგაურის სახიფათო დარტყმები ბოსნიელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოვიდა, მეტი სიფრთხილე იყო და მომენტები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ ორივე გუნდმა მაინც შექმნა. ჩვენებმა კი თამაში სულ ბოლოს გადაარჩინეს. უკვე მსაჯის მიერ წამატებული დრო მიდიოდა. მარცხნიდან ჯარიმა გვქონდა. არაბიძემ საჯარიმოში ჩაჰკიდა, გიგაურმა მცველებს აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა – 3:3 (2:2, 1:1) და დამატებითი დრო დაინიშნა. აქ გოლები აღარ გასულა.

პენალტების სერიაში ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა იყოჩაღა, ორი დარტყმა მოიგერია, ჩვენებმა ყველა ზუსტად შეასრულეს და „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

იქ კიდევ ერთი ყაზახური გუნდი გველოდება – „აქტობე“.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

სარაევო (ბოსნია) – ტორპედო (ქუთაისი, საქართველო) 1:1, პენ 2:4
პირველი მატჩი 2:2
20.07. სარაევო. ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასე
1:0 ჟილიკიჩი (12. კიერემეს პასით), 1:1 გიგაური (90+2. არაბიძის პასით)
პენალტების სერია: 0:0 იკიჩი (მეკარე), 0:1 შერგელაშვილი, 1:1 ჩატაკოვიჩი, 1:2 მანჯგალაძე, 2:2 ავრამოვსკი, 2:3 ქობულაძე, 2:3 ბეგანოვიჩი (მეკარე), 2:4 კაბალიერო

სარაევო: საჰინოვიჩი – ბეგანოვიჩი, ჟელიკოვიჩი, ანიჩიჩი (87. სერბეჩიჩი), დურაკოვიჩი – ვრანჩიჩი (105+2. ბულიბაშიჩი), იელიჩ ბალტა (87. მუსტაფიჩი) – კიერემე, ვარეშანოვიჩი (87. ავრამოვსკი), ჟილიკიჩი (68. იკიჩი) – რენან ოლივეირა (87. ჩატაკოვიჩი)

ტორპედო: კლიაიჩი – მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია (88. კაიკე), შერგელაშვილი – ქობულაძე, გიგაური (96. ჭიჭინაძე), აკბარი (106. ნეტო), ბუღრიძე (65. მანჯგალაძე) – არაბიძე – ფანცულაია (65. კაბალიერო)
სათადარიგოები: გოშაძე – რ. ჩაჩუა, გოგლიჩიძე, ჰაიდარი
მწვრთნელი: სტივ კინი

გაფრთხილება: ჟილიკიჩი (40), ფანცულაია (40), ბუღრიძე (42), გიგაური (44), მანჯგალაძე (84), ბეგანოვიჩი (90), კაბალიერო (91), სერბეჩიჩი (103), მუსტაფიჩი (112)
არბიტრი: ი. ორლიჩი (მოლდოვა)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დილა გათენდა… გორი ევროპაში დამსახურებულად დარჩა – ვიდეო

ამ ატმოსფეროსთვის თამაშამდე მოვემზადეთ, მოგების ბოლომდე გვჯეროდა: მთავარია ტორპედო გავიდა