in

რა დილა გათენდა… გორი ევროპაში დამსახურებულად დარჩა – ვიდეო

გორის „დილამ“ სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ დამსახურებულად დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა.

ოთხი ქართული გუნდიდან „დილას“ იმედი შესაძლოა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა გულშემატკივარს, მეტოქეც სოლიდური შეხვდა, მაგრამ სწორედ „დილა“ აღმოჩნდა კვარტეტში ერთადერთი გუნდი, რომელმაც 8 თამაშიდან (4 ქართული გუნდის 2-2 მატჩი) ერთადერთი მოგება მოახერხა. თანაც, „დილამ“ ალალად მოიპოვა ეს გამარჯვება, კითხვის ნიშანიც არ არის, ეკუთვნოდა თუ არა ჩვენს გუნდს გასვლა. მთელი მატჩი ჩვენებმა უფრო მეტად შექმნეს სახიფათო მომენტები და ანგარიში შესაძლოა კიდევ უფრო სოლიდურიც ყოფილიყო.

„დილამ“ თავიდანვე შეუტია, სანტოსის და გეილის დარტყმები მეკარემ და მცველმა მოიგერიეს. აქტიურ ტიერი გეილს კიდევ ჰქონდა მომენტები და ერთი გამოიყენა კიდეც, როდესაც ძოწენიძემ მოედნის შუაგულიდან უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა.

მეორე ტაიმში სტუმრებმაც სცადეს და ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, ჩვენგან ფარულავას შეეძლო გატანა, მაგრამ სამიოდ მეტრიდან მეკარემ არ გაატანინა.
ამის შემდეგ სტადიონზე შუქი ჩაქრა.


85-ე წუთზე კი სანტოსმა საჯარიმოს გარედან ულამაზესდ ჩასვა ბურთი კარში და გორელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

მეორე ეტაპზე „დილა“ უკრაინულ „ვორსკლას“ შეხვდება 27 ივლისს.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

დილა (გორი, საქართველო) – დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი) 2:0
პირველი მატჩი 1:2
20.07. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 გეილი (33. ძოწენიძის პასით), 2:0 ალეფ სანტოსი (85)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა – ჟან ვიქტორი (90+4. ანდრონიკაშვილი), ალეფ სანტოსი, ფარულავა (64. სარდალიშვილი) – გომისი (64. მზვაკალი), გეილი, კოვტალიუკი (72. ს. კუხიანიძე)
სათადარიგოები: ჩიკაშუა, ოდიკაძე – ასამოა, ეტუ, გ. გაფრინდაშვილი
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

დუნაისკა სტრედა: პეტრაში – ალექს პინტუ (90+6. მენდესი), რიზვანისი, კაშა (46. ბრუნეტი), ანძუანა – კალმარი (88. ვიტალისი), დიმუნი, კაჩერი – ტრუსა (71. გავრიჩი), რამადანი (88. ზაჰრადნიკი), კრსტოვიჩი

გაფრთხილება: თევზაძე (67), ჩიტეიშვილი (87), ალექს პინტუ (90+1)
არბიტრი: ა. ჩულინა (ხორვატია)

ანდრეი დემჩენკო („დილას“ მთავარი მწვრთნელი):
„ვიცოდით მეტოქის სიძლიერის შესახებ. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არსებული გუნდებიდან ერთ-ერთი უძლიერესი შეგვხდა. ორი გოლი გვჭირდებოდა და მივაღწიეთ შედეგს. ასე რომ, შეგვიძლია საკუთარ თავს იღბლიანები ვუწოდოთ. მეტოქეს ბურთის გარეშე თამაში უჭირდა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვეიძულებინა, რაც შეიძლება ხშირად დარჩენილიყვნენ ბურთის გარეშე. ამან მენტალური უპირატესობა მოგვცა.
მეორე ტაიმში დაღლილობის გამო თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. თუმცა სათადარიგოები დაგვეხმარნენ, მათ ახალი ენერგია შემოიტანეს. მოუთმენლად ველით „ვორსკლას“ წინააღმდეგ მატჩს, ეს იქნება ჩვენთვის შესანიშნავი სკოლა და დიდი გამოცდილება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვეგონა გავიდოდით: ბათუმმა შანსი და იმედი ტირანას გაატანა

ტორპედომ ჯოჯოხეთს გაუძლო და გავიდა: ბოლოს გადარჩენილი და პენალტებით მოგებული თამაში