დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “ბილბაო” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
ლიგა ენდესას მე-7 ტურში გიორგი შერმადინის გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა და მინიმალური სხვაობით – 94:93 იმარჯვა.
ტენერიფელთა მეტოქე 6 მატჩიდან 4-ის მომგები “ბილბაო” იყო, ხოლო თავად შერმადინის გუნდს აქტივში 2 გამარჯვება ჰქონდა. განვლილი 6 ტურის შედეგებით ფავორიტად მიჩნეულ “ბილბაოს” “ტენერიფემ” პრინციპული ბრძოლა მოუგო, რაშიც საკუთარი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.
კანარიელებმა პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ითამაშეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მერე ნახევარში ბასკები უკეთ ათამაშდნენ. საბოლოოდ, ძირითადი დრო 80:80 დასრულდა და ყველაფერი დამატებითმა 5-წუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე დაძაბული იყო, მაგრამ “ტენერიფემ” 1 ქულით მაინც გაიმარჯვა.
გიორგი შერმადინმა 18:17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. თუმცა, გიორგიმ 5 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო, რის გამოც თამაშს ნაადრევად გამოეთიშა და გუნდს ვერც ოვერტაიმში დაეხმარა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 6 გამოდგა.
“ტენერიფეში” საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 17 ქულით, ხოლო ბილბაოში ადამ სმითი – 14 ქულა.
“ლენოვო ტენერიფე” 3 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს, “მორაბანკ ანდორას” უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings