გამარჯვების შემთხვევაში პეპ გვარდიოლა და „სიტი“ ინგლისის ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ „ქალაქელებმა“ „ჩელსის“ საშუალება და უფლება მისცეს ქამბექი გაეკეთებინა. ასე რომ, „სიტის“ ჩემპიონობა გადაიდო, თუმცა ის არსად არ გაექცევათ. ლონდონელებს კი ეს 3 ქულა უფრო სჭირდებოდათ, რადგან ოთხეულისთვის გაცხარებულ ბრძოლაში ყველა ქულას ოქროს ფასი ედება. „ლესტერის“ მოულოდნელი საშინაო წაგების გამო იღბლიანი „ჩელსი“ უკვე სულაც მესამე ადგილზე ავიდა.
„ჩელსიმ“ პირველი ტაიმი ისე წააგო (სტერლინგის გოლი), რომ მომენტიც არ ჰქონია, ტაიმის მიწურულს კინაღამ მეორე გოლიც გაუშვა პენალტიდან, მაგრამ მეორე ნახევარში ჯერ გაათანაბრა (ზიეჩი), შემდეგ კი 93-ე წუთზე გამარჯვებაც გამოსტაცა (მარკოს ალონსო).
„სიტიმ“ წააგო ბოლო ოთხიდან სამი საშინაო თამაში.
ტომას ტუხელი:
„როგორი მაგარი მეორე ტაიმი იყო. პირველ ნახევარში პენალტი რომ გაეტანათ, ყველაფერი დამთავრდებოდა. ქამბექის შანსი არ გვექნებოდა.
აღფრთოვანებული ვარ გუნდის რეაქციით და მეორე ტაიმში თამაშით. დავიმსახურეთ მოგება“.
ტუხელმა სამწვრთნელო კარიერაში მეორედ დაამარცხა გვარდიოლა. ამასთან, ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა – 17 აპრილს „ჩელსიმ“ „სიტის“ (1:0) ინგლისის თასის ნახევარფინალში მოუგო.
ახლა კი მთავარი ჯახი ელოდებათ. 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდებიან. ეს რეპეტიცია იყო, რომელშიც გერმანელს უფრო გაუმართლა, მაგრამ იმ ფინალში სულ სხვა თამაში წავა.
ისე კი ეს ორი კარგი მწვრთნელი 5-ჯერ შეხვედრილან გერმანიაში. ტუხელის „მაინცს“ ორჯერ წაუგია გვარდიოლას „ბაიერნთან“. ტუხელი დორტმუნდის „ბორუსია“ კი ასევე ორჯერ დამარცხდა „ბაიერნთან’ და ერთხელ ფრედ ითამაშა.
დაბოლოს, ზემოხსენებული პენალტის თაობაზეც უნდა ითქვას. პირველი ტაიმის ბოლოს 11-მეტრიანი სერხიო აგუერომ შეასრულა. მან რბილად, ე.წ. პანენკას სტილში შუაში დაარტყა, მაგრამ „ჩელსის“ მეკარე მენდი არსადაც არ გადამხტარა და მშვიდად ცალი ხელით გააჩერა ბურთი – მაგრად შეარცხვინა „სიტის“ ლეგენდარული არგენტინელი…
GIPHY App Key not set. Please check settings