ნიდერლანდური მედია გიორგი მიქაუტაძეს ძალიან აკრიტიკებს. კრიტიკის მარცვალი „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო მატჩის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩააგდო. მორის სტეინის თქმით, შემცვლელები ხშირად ისე ვერ ერთვებიან თამაშში, როგორც საჭიროა და ხშირად ის იმ დასკვნამდე მიდის, რომ უმჯობესია, სათამაშო დრო ამსტერდამული კლუბის თინეიჯერ ფეხბურთელებს მიეცეთ.
თავის მხრივ მწვრთნელმა, რომლის გადაყენება იყო მოსალოდნელი, კიდევ ერთი შანსი მიიღო.
ქართველი ფეხბურთელისკენ ხელი გაიშვირა „აიაქსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ვან დერ მეიდემ, რომელმაც გიორგის ამსტერდამულ გუნდში ტრანსფერს სამარცხვინო უწოდა.
მან ყურადღება გაამახვილა ეპიზოდზე, როდესაც მიქაუტაძის მოგერიებული ბურთი „ალკმაარის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს მიუვიდა, ქართველი მოედნის გარეთ დარჩა და თავის გუნდს აღარ დაეხმარა.
„განსაკუთრებით მაკვირვებს ერთი მოთამაშე. ბოლო ტურში „ალკმაართან“ (1:2) ამსტერდამელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას. ამ დროს მიქაუტაძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, მაგრამ დაცვის დახმარებას არ ჩქარობდა. თუ გუნდში თამაშობ, ასე არ უნდა მოიქცე. ის მშვიდად წავიდა, თითქოს, მისი საქმე სხვებს უნდა გაეკეთებინათ. სირცხვილია, რომ „აიაქსმა“ ეს მოთამაშე მიიწვია“, – განაცხადა ვან დერ მეიდემ.
ჩვენებური გააკრიტიკა ESPN-ის ჟურნალისტმა კეს კვაკმანმაც:
„ეს მიქაუტაძე… ჯანდაბა! მესმის, რომ შეიძლება სრულიად სამართლიანი არ იყოს მოთამაშეების გამოყოფა, რადგან რთულია ინდივიდუალურად გამორჩეული იყო გუნდში, რომელიც ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს და ცხრილში დაბალ პოზიციას იკავებს, მაგრამ როდესაც შენ ყველგან აგვიანებ და თითქმის შეუძლებელია შენთან კომბინაციის გათამაშება“, – თქვა კვაკმანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგ მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. „აიაქსმა“ ის 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
ტრანსფერი გუნდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა განახორციელა, რომელმაც სეზონის დაწყებამდე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. საბოლოოდ, ჩათვალეს, რომ ეს თანხა არაეფექტურად გამოიყენა და გაათავისუფლეს.
GIPHY App Key not set. Please check settings