ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი გამართეს. მართალია შოტლანდიასთან პირველი გამარჯვების მოპოვება ვერ მოხერხდა, მაგრამ „მარიფილდზე“ მოგებული პირველი ტაიმი დასაფასებელია, შესვენების შემდეგ შეცვლილი სცენარი კი ანალიზისთვის კარგი მასალა.
აქამდე საქართველომ მოსამზადებელ ეტაპზე ორი თამაში გამართა (რუმინეთთან 56-6, აშშ-სთან 22-7), მაგრამ ინტენსივობით, ტემპით და სირთულით, ვერცერთი მივიდოდა ახლოს ამ შეხვედრასთან. საუკეთესო ფორმაში მყოფმა შოტლანდიამ, ჩვენი გუნდი იმ ტემპს აზიარა, რომელთან აყოლაც საფრანგეთის სტადიონებზე, ავსტრალიასთან, უელსთან და ფიჯისთან მოუწევს.
პირველ ტაიმში მასპინძლები გაშლილი თამაშით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, რისთვისაც ჩვენი დაცვა მზად აღმოჩნდა და მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა. მაღალ დონეზე იყო დისციპლინა, სწრაფად ხდებოდა ხაზის აწევა, მეტოქეს ვაწუხებდით რაქში და ვასწრებდით სივრცეები ამოვსებას. კარგად ვთამაშობდით დერეფანში და ვკინძავდით ფაზებს, შედეგად კი შესვენებამდე ორი ჯარიმა გავიტანეთ და 6-0 დავწინაურდით.
შოტლანდია მეორე ტაიმში განსაკუთრებით სახიფათოა, რაც საფრანგეთთან 25-21 მოგებულ შეხვედრაშიც აისახა (22-0 მეორე ტაიმში) და ახლაც დადასტურდა. გრეგ თაუნსენდმა შესვენებისას საჭირო ცვლილებები შეიტანა, შოტლანდიამ ტემპი მაქსიმუმამდე აწია, ფორვარდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მასპინძლებმა 5 უპასუხო ლელო გაიტანეს – 33-6.
ეს იყო საქართველოსა და შოტლანდიის მეექვსე დაპირისპირება და ჯერჯერობით ყველა ჯერზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
უქულოდ დატოვებული შოტლანდია
შოტლანდიასთან მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა და გახდა მეექვსე ქართველი ცენტურიონი შალვა მამუკაშვილი, რომელსაც გადაჭედილი „მარიფილდი“ ტაშით შეეგება.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. შოტლანდიელებმა თავიდანვე სისწრაფეზე გააკეთეს აქცენტი, სტუმრები კი საკუთარი ნახევრიდან ფეხით გადიოდნენ და ჰაერში ცდილობდნენ ბურთის მოპოვებას. ეს მირიან მოდებაძეს რამდენჯერმე გამოუვიდა. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლუკა მატკავამ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საქართველო სათამაშო უპირატესობას დაეუფლა.
მე-17 წუთზე სალელოვე შეტევა გვქონდა, რომელიც დავით ნინიაშვილმა წამოიწყო, მერაბ შარიქაძემ და ვასილ ლობჟანიძემ გააგრძელეს და მარცხენა ფრთაზე მეტობა შეიქმნა. მოდებაძემ ოვალი ლელოში ფეხით შეაცურა, თუმცა მცველმა დასწრებაზე ითამაშა. თამაში რომ განახლდა ფაზები კიდევ ერთხელ ავკინძეთ და ბურთით დაახლოებით 35 მეტრი ვიარეთ, რასაც ზედ ლელოსთან ჯარიმა მოყვა და მატკავამ მორიგი 3 ქულა აიღო.
ტაიმის ბოლოს შეცდომებს მოვუხშირეთ და შოტლანდიამაც რამდენჯერმე სახიფათოდ შემოგვიტია. 36-ე წუთზე კაილ სტეინს ლელოც უნდა გაეტანა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ ნინიაშვილთან და მოდებაძესთან კონტაქტის შემდეგ მან ბურთზე კონტროლი დაკარგა. მერე ბექა გიგაშვილი ჩავიდა რაქში კარგად და პირველ ტაიმში მრისხანე შოტლანდია უქულოდ დავტოვეთ – 6-0.
საუკეთესო გამოცდილება
მეორე ტაიმში შოტლანდიამ სისწრაფეები, ფინ რასელმა კი ჯადოქრობა სრულად აამოქმედა და უპირატესობასაც უმალ დაეუფლა. ამაში ხელი ჩვენც შევუწყეთ, რადგან ზედიზედ 4 დერეფანი დავთმეთ და ფაქტობრივად უბურთოდ დავრჩით. შოტლანდიელთა უსწრაფესი შეტევების მოგერიებისას ხშირად ვჯარიმდებოდით და ფაქტობრივად უბურთოდ დავრჩით.
მიუხედავად მარცხისა, ეს იყო უდიდესი გამოცდილება. ავსტრალიასთან თამაშამდე 2 კვირაა და მეორე ტაიმის ანალიზით, მწვრთნელებს შესაძლებლოობა ექნებათ მინიმუმამდე დაიყვანონ ის შეცდომები, რამაც 5 გაშვებულ ლელომდე მიგვიყვანა.
თამაში მასპინძელთა გააფთრებული შეტევით კი განახლდა, მაგრამ რომ არა ჯარიმის უპირატესობა, აკა ტაბუცაძე კონტრშეტევაზე თავის 30-ე ლელოს გაიტანდა. მერე შოტლანდიამ მოლით სცადა წინსვლა, თუმცა ამ კომპონენტში ამ ეპიზოდშიც და მტელ მატჩშიც, საქართველო თავს კარგად იცავდა. სამაგიეროდ შოტლანდიას ყავდა ფინ რასელი, რომელმაც ბურთი ფეხით ფრთაზე გამოზომილად გადაკიდა და დუან ფან დერ მერვემ პირველი ლელო გაიტანა.
მასპინძლებმა თამაშის ტემპი კიდევ უფრო აწიეს და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, რორი დარჯმა, ჯეკ დემფსიმ და კაილ სტეინმა ლელოები გაიტანეს, ფინ რასელმა და ბენ ჰილმა კი ორ-ორი გარდასახეს. 72-ე წუთზე საქართველოს საპასუხო ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, როდესაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, თუმცა ამჯერად შოტლანდიელმა მცველებმა ითამაშეს მოწოდების სიმაღლეზე, 77-ე წუთზე კი ფან დერ მერვემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 33-6.
28 აგვისტოს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმ 33 მორაგბეს დაასახელებს, რომლებიც საფრანგეთში გაემგზავრებიან და 9 სექტემბერს ავსტრალიასთან სათამაშოდ მოემზადებიან.
26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 33:6 (0:6)
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
2 ჯარიმა: მატკავა
GIPHY App Key not set. Please check settings