საქართველოსა და სამოას სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც საშემოდგომო ტესტების ეგიდით 6 ნოემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
ეს, სამოას რაგბის კავშირის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. კუნძულელებს მიზეზად ადგილობრივი მთავრობის ახალი კოვიდ-რეკომენდაციები მოჰყავთ, რის გამოც გუნდის საერთაშორისო ტურნეზე გამგზავრება შეუძლებელი ხდება.
სამოას ნოემბერშივე ურუგვაისთანა და ესპანეთთან უნდა ეთამაშა, თუმცა, ეს მატჩებიც გაუქმებულია. ჯერაც შესაძლებელია ჩატარდეს 27 ნოემბერს ლონდონში ბარბაროსებთან შეხვედრა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც სამოელები მხოლოდ ევროპაში დასაქმებულ მორაგბეებსა და მწვრთნელებს თუ დაიხმარენ.
ცხადია, ეს ცუდი ამბავია ბორჯღალოსნებისთვისაც, რომელთაც ნოემბრის სერია სწორედ სამოასთან საშინაო მატჩით უნდა გაეხსნათ. ამგვარად, თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, საქართველოს ნაკრები წლის ბოლომდე მხოლოდ ორ შეხვედრას გამართავს: 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთთანა და 20 ნოემბერს, შინ, ფიჯისთან.
GIPHY App Key not set. Please check settings