in

საქართველო მსოფლიოსკენ მიაბიჯებს: ისლანდიას მოვუგეთ

საქართველოს ნაკრებმა ისლანდიაში მეტად პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დარბაზში მოსული 100-ზე მეტი ქართველი გულშემატკივრის თვალწინ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა უხერხული მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ქართველებმა რეიკიავიკში ურთულესი ომი გადაიტანეს, ბოლო წამებზე უდიდეს ზეწოლას გაუძლეს და მეტოქეს, რომელმაც წინა საშინაო მატჩებში იტალია და უკრაინა დაამარცხა, ერთ ხელის გაწვდენაზე მქონე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სანატრებელი გაუხადეს.

დიახ, ისლანდიას რომ მოეგო, საქართველოსთან 2-მოგებიან ჰანდიკაპს მიიღებდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ძალიან კომფორტულ პოზიციაში აღმოჩნდებოდა. ისლანდიელებმა სრულად გაამართლეს ის მოლოდინები, რასაც ჩვენი მწვრთნელ-მოთამაშეებიც უფრთხოდნენ. სწრაფი, მობილური, შორ სროლებზე აწყობილი და რაც მთავარია, შეუპოვარი თამაში. კუნძულელები პირველ პერიოდში 10 ქულით აგებდნენ, დიდი შესვენების შემდეგ 7 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდი სწორედ ისეთი გამოდგა, რისკენაც ისლანდიელები მიილტვოდნენ: შორი სროლებიც წაუვიდათ და დაცვაშიც კარგად აეწყოთ საქმე. იმდენად კარგად, რომ ტაიმის შემდეგ 7 ქულით ჩამორჩენილებმა (28:45), მომდევნო მეოთხედშივე 7-ქულიან ლიდერობა მოიპოვეს.

ჩვენი ნაკრების წევრები ცუდად არ ირჯებოდნენ, თუმცა ვერცხლისწყალივით სწრაფი უკანახაზელების შეტევები თუ შორი სროლები პერიოდულად ეპარებოდათ და მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძლები 60:53 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებს თავიდანვე თორნიკე შენგელია წინამძღოლობდა, რომლის მოედნიდან დასასვენებლად გასვლაც შედეგზე მყისიერად აისახა. ილიას ზუროსის გუნდს მხსნელად მეტოქისავე იარაღი – სამქულიანები მოევლინა. რატი ანდრონიკაშვილმა 2 შორი სროლა ჩააგდო, მიხეილ ბერიშვილმა კი 3 ისეთი საჭირო სამქულიანი ჩააკალათა, ურომლისოდაც ჩვენს გამარჯვებას დიდი კითხვის ნიშანი დაესმებოდა.

ამასობაში, მესამე პერიოდის შუაწელში მოედანზე შენგელია და გიორგი შერმადინი დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრებმა დაცვაზე აიღო აქცენტი და სწორედ აქ ჩავარდა ბერიშვილის სამქულიანებიც. ანგარიში ისევ გათანაბრდა და საქართველოს სასარგებლოდ იწყო ზრდა. მატჩის დასრულებამდე წუთნახვერით ადრე დუდა სანაძის საჯარიმოების შემდეგ საქართველო 83:76 დაწინაურდა. ისლანდიელებმაც სწორედ აქ გამოავლინეს მებრძოლი სული. მკაცრი პრესინგით ზედიზედ 2-ჯერ ბურთი ჩაგვიჭრეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

ისლანდიელბის აღებულ ტაქტიკურ საჯარიმოებს ქართველები მაღალი სიზუსტით ესროდნენ და ასე მივიდნენ გამარჯვებამდე, რაშიც სანაძის საჭირო მომენტში შეტევაში მოხსნამ და საჯარიმოების შესრულებისას რკინის ნერვებმა გამარჯვების მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 88:85 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მთელი თამაშის მანძილზე დაუოკებელი და ისლანდიელბის გასამხნევებლად მომართული ვიკინგ-ფანები სახტად დატოვა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ იმან მოიგო, ვინც მეტი სამქულიანი მიითვალა. ქართველებმა ისლანდიელების 10 სამქულიანზე ერთით მეტი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 13 ქულა დუდა სანაძის ანგარიშზეა, თად მაკფადენმა კი 12 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. შენგელიასთან ერთად ჩვენიანთაგან ორმაგი დუბლი გიორგი შერმადინმა გაიფორმა – 10 ქულა, 11 მოხსნა. ბერიშვილის ანგარიშზე ზემოხსენებული 3 სამიანი და 9 ქულაა, რატი ანდრონიკაშვილმა 6 ქულა მიითვალა, ხოლო რეკორდსმენმა გიორგი ცინცაძემ, რომლისთვისაც ისლანდიასთან მატჩი 202-ე იყო კარიერაში, ქართველებს გამარჯვების მოსაპოვებლად 7 ქულა და 4 პასი მიაშველა. ისლანდიელთაგან 15 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტრიგვი ჰლინასონი.

ამ მატჩის შემდეგ საქართველო და ისლანდია 4 მოგებითა და 3 წაგებით ცხრილში ერთმანეთს გაუთანაბრდნენ, თუმცა ჩვენს ნაკრებს სოლიდური ჰანდიკაპი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია ტურნირის დასკვნით მატჩს თბილისში თამაშობს და მანამდე გასამართ 2 ტურში საქართველო კუნძულელებს ქულით რომც ჩამორჩეს, ილიას ზუროსის გუნდს ისლანდიასთან გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოუტანს.

ჩვენს ჯგუფში ესპანეთმა დამატებით დროში – 88:84 სძლია სტუმრად იტალიას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. იტალია 2 დღეში თბილისში, საქართველოს დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

100 მილიონიანი კიდევ ორია

ვიდეო: ვულოცავ ყველას… ისღა დაგვრჩენია, ასე გავაგრძელოთ: კომენტარები