საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრებთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომელსაც ისევ თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ტესტმატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლო ორ დღეში მეორედ დაუპირისპირდნენ – წინა თამაში საქართველომ 2:0 მოიგო, ამჯერად კი გამარჯვება ვერ მოახერხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მე-3 წუთზე ვახტანგ კეკელიამ ანგარიშის გახსნა მოახერხა, რომელმაც მეკარე ეფექტურად მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. მიღებული გოლის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და მალევე ედგარას ბარნაუსკასმა წონასწორობა აღადგინა.
სამ წუთში საქართველო კვლავ დაწინაურდა – კეკელიამ დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა: მე-16 წუთზე ლიეტუველებმა კუთხური კარგად გაათამაშეს და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა არტურ იუხნომ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, ტაიმის ბოლომდე კი აღარაფერი შეცვლილა.
მე-2 ნახევარში საქართველოს ნაკრები გამარჯვების მოპოვებას ეცადა, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე, ნიდერლანდებში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings