კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც რუსულ გუნდებს და ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა.
„ფიბა ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით და ღრმა თანაგრძნობას გამოთქვამს დაზარალებულთა მიმართ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს რეზოლუციისა და მისი მიზეზების შესაბამისად, ფიბა-მ დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის გუნდებს და ოფიციალურ პირებს არ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ საკალათბურთო და 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებში შემდგომ გაფრთხილებამდე.
ყოველ მომდევნო გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებული იქნება ფიბა-ს 25 მარტის ცენტრალური საბჭოს სხდომაზე, ასევე ფიბას ევროპის ზონის ორგანოების მიერ უახლოესი დღეების განმავლობაში, ფიბა დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.
ფიბა მკაცრად გმობს ძალადობას და იმედოვნებს, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს“.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში რუსეთიც მოხვდა და თბილისშიც უნდა ეთამაშა. რომელი გუნდი ან რა პრინციპით ჩაანაცვლებს რუსეთს, ჯერ უცნობია.
ამასთან, მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე 4 მატჩიდან 3 მოგებით ვადაზე ადრე გაინაღდა მეორე ეტაპზე თამაში, სადაც რუსებს უნდა შევხვედროდით. ბუნებრივია, ესეც გამოირიცხა. მეორე ეტაპზე ექვსგუნდიანი ქვეჯგუფი შეიკვრება. სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდები, ისლანდია და იტალია შეხვდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings