in

საქართველოს 18 კაცი: ზუროსმა გაფართოებული შეამცირა და გუნდი ტრევიზოში მიჰყავს – ბოლოს 12 დარჩება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ, მანუჩარ მარკოიშვილმა და ფიზმომზადების მწვრთნელმა, ირაკლი შიოშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე რეკორდულად ბევრი – 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის არენაზე ყოველდღიურად ავარჯიშებდნენ. შეკრებაზე არ იყვნენ თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს ოთხეული ნაკრებს პირდაპირ ტრევიზოში, 21 ივლისს შეუერთდება. კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც ტრევიზოში წამსვლელ 18 კალათბურთელს შორის მოხვდა, ლუკა ლიკლიკაძეა, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში იმყოფება.

18-კაციან შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა მოხვდა, რამდენიმემაც მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი ეროვნულ ნაკრებს მომავალში გამოადგებიან. სამწუხაროდ, ოჯახური მიზეზების გამო შეკრებას ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა.

17 და 18 ივლისს ეროვნული ნაკრების წევრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 20 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით გაემგზავრება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.

12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო ასტანადან კმაყოფილი ბრუნდება: ფრე და მშვენიერი შანსი

კმაყოფილი ვიქნები, თუ გავალთ: დინამოს კომენტარები