in

საქართველოს რეკორდები: გვიხარია, მაგრამ ვისთან… 8:0 და ისტორიული გამარჯვება

საქართველოს ნაკრებმა 8:0 მოიგო. ეს არის სარეკორდო გამარჯვება ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში. რა ჯობია მსუყე მოგებას, მაგრამ ნამეტანიც ნუ აგვივარდება თავში და ამის გამო მომდევნო შეხვედრებში დიდ წარმატებებს ნუ დაველოდებით. ჯობს მიწაზე დავრჩეთ. საქართველომ აჯობა ძალიან სუსტ მეტოქეს. შესაძლოა, ჩვენს ფეხბურთელებს ვარჯიშზე ორმხრივ თამაში მეტი წინააღმდეგობა ჰქონოდათ ერთმანეთისგან. ეს წავარჯიშება უსუსტეს მეტოქესთან უბრალოდ მშვენიერ სტატისტიკას თუ გვაძლევს.
უნდა გვიხაროდეს? კი ბატონო, გვიხაროდეს დიდი ანგარიშით მოგება, მაგრამ ეს არ მოგვცემს არანაირ გარანტიას, რომ როცა მოსაგები გვექნება, იქ მოვიგებთ.

ამდენის საშუალებას ჩვენს ფეხბურთელებს არცერთი მეტოქე არ მისცემს. დადიოდნენ, დაჰქონდათ ბურთი, აძლევდნენ პასებს, სცდებიდნენ მეურვეებს, ურტყამდნენ გაუთავებლად (21 ზუსტი დარტყმა კარში – ალბათ ესეც რეკორდია) და რასაც უნდათ აკეთებდნენ ჩვენი ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში. არადა, თანამედროვე ფეხბურთი ასე არ არის მოწყობილი. არავინ მოგვცემს ამდენის უფლებას და არ არის გამორიცხული, ეს ორიოდ დღეში არც თუ ძლიერ კვიპროსთანაც დამტკიცდეს.

რეკორდები კი სასიამოვნოა: საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველად მოიგო 8-ბურთიანი სხვაობით (აქამდე რეკორდული იყო 7:0 სომხეთთან 1997 წელს), პირველად გაიტანა ერთ ტაიმში 6 გოლი, ხოლო გიორგი მიქაუტაძე გახდა ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი (პოკერი) გაიტანა.

დიდი ალბათობით, ერთი ანტირეკორდიც დავამყარეთ: ამდენი საგოლე მომენტი შესაძლოა აქამდე არასოდეს გაგვიფუჭებია. დიახ, მიუხედავად 8 გატანილი გოლისა, ჩვენებს ერთი ამდენი კიდევ უნდა გაეტანათ. მარტო შეცვლაზე შესულ კვარაცხელიას შეეძლო რამდენჯერმე კიდევ გატანა. ისე, ხვიჩას ნაკლებად ელოდა გულშემატკივარი და საერთოდ მიუხედავად დაანონსებული გადახალისებული შემადგენლობისა, ფაქტობრივად მაინც ყველამ მიიღო მატჩში მონაწილეობა.

მე-9 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ცხრიანში ძლიერი დარტყმით ულამაზესად შეაგდო. სამ წუთში ჩაკვეტაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკა ლოჩოშვილმა, თავით ყველას აჯობა.
24-ე წუთიდან კი მიქაუტაძის ჯერი დადგა: ჰეთ-თრიკი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა (შოთა არველაძის შემდეგ), ვინც ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმის საბოლოო და ტაიმის მიხედვით სარეკორდო ანგარიში 44-ე წუთზე დავითაშვილმა დააფიქსირა – 6:0.

მეორე ნახევარში საინტერესო ის იყო, კიდევ რამდენს გავიტანდით. ბევრი არ გამოვიდა. გიორგი მიქაუტაძემ ისტორიული ფაქტი დააფიქსირა, პოკერი შეასრულა (პენალტით). მერე ხვიჩამაც შეაგდო და გოლები ამით დამთავრდა.

ისე ერთი 100%-იანი შანსი სტუმრებსაც მიეცათ და გადავრჩით. ტაილანდელებმა სხვა დროსაც შექმნეს ნახევრად თუ მისაღები მომენტები და ესეც დასაფიქრებელია.

მომდევნო მატჩი კი საქართველოს ნაკრებს 15 ოქტომბერს ისევ „მიხეილ მესხზე“ აქვს, უკვე ოფიციალური – ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, დიდი მნიშვენლობა არც ამ შეხვედრას აქვს…

ამხანაგური მატჩი
საქართველო – ტაილანდი 8:0
12.10. თბილისი. მიხეილ მესხი
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12. ჩაკვეტაძის პასით), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (37. ლობჟანიძის პასით), 5:0 მიქაუტაძე (41. ჩაკვეტაძის პასით), 6:0 დავითაშვილი (44. მექვაბიშვილის პასით), 7:0 მიქაუტაძე (56-პენ), 8:0 კვარაცხელია (66. ალთუნაშვილის პასით)

საქართველო: ლორია, კვირკველია (58. კაშია), ლოჩოშვილი, გელაშვილი, ლობჟანიძე, ქოჩორაშვილი (46. ალთუნაშვილი), მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (58. სიგუა), დავითაშვილი (58. ზივზივაძე), შენგელია (74. აზაროვი), მიქაუტაძე (58. კვარაცხელია)

სათადარიგოები: გუგეშაშვილი, მამარდაშვილი, კალანდაძე, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მამუჩაშვილი, ვოლკოვი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: დევისი (75), აზაროვი (79)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ის არ არის: ახალგაზრდულმა საქართველომ ნიდერლანდებს ვეღარ გაუქაჩა

საქმეს სერიოზულად მივუდექით და… ვილი სანიოლი ბევრი გოლით კმაყოფილია