უკვე ოფიციალურად! გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია და მომავალ სანაკრებო მატჩებში “ჯვაროსნებს” დაეხმარება. კიევის “დინამოს” 20 წლის ფეხბურთელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ნაკრების სიმბოლური მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლურად გადასცა.
“საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.
ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო.
ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები”, – თქვა გიორგი წიტაიშვილმა.
წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს კი, უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings