რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ესპანეთი დაამარცხა – 38:3.
ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ამ შეხვედრაში კი უნდა გარკვეულიყო, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს, რითიც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას მოიპოვებდა.
მატჩი მაღალ ტემპში ბურთის გადაკიდებებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, თუმცა საერთო ჯამში, პირველი ნახევარი დიდად ხეირიანი ვერ გამოვიდა. ჯერ იყო და სტუმრები დაწინაურდნენ, ჩვენებმა კი მხოლოდ 37-ე წუთზე უპასუხეს ლელოთი (პერანიძე) და ტაიმი 7:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ბორჯღალოსნების მერვასე ლელო ისტორიაში.
აი მეორე ნახევარში კი ჩვენების უპირატესობა უკვე საგრძნობი და სრული იყო და ეს ანგარიშშიც აისახა. უნდა ითქვას, რომ შეცვლაზე შესულებმა თამაში გაამწვავეს. ლელო ჯერ ტაბუცაძემ დადო, მერე მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა და მეტოქის ორი მორაგბე გაუძევა (10-10 წუთით), რასაც კვესელაძის, ბაბუნაშვილისა და თაფლაძის ლელოები მოჰყვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სპანდერაშვილი დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და ცხადია პირველ ადგილზე გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალს თბილისში ითამაშებს.
ნახევარფინალური შეხვედრები 2 და 3 მარტს არის ჩანიშნული.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება.
17 თებერვალი. თბილისი. “ავჭალა”
საქართველო – ესპანეთი 38:3
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
GIPHY App Key not set. Please check settings