საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩში სტუმრად ავსტრალიასთან დამარცხდა – 29:40.
საინტერესოა, რომ ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში მატჩი შემოატრიალეს და ჩვენებმა სახელიან მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, მან ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა სხვაობა ორ ქულამდე შემცირა. თუმცა მერე აქეთაც მივიღეთ ლელო და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა.
თამაშის დაწყებამდე ტრავმების გამო ორი მორაგბე – კაპიტანი ბექა გორგაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა გამოგვაკლდნენ.
პირველ ტაიმში თამაში აქტიურად დავიწყეთ და პირველივე იერიშზე მე-3 წუთზე საჯარიმოდან ანგარიში გავხსენით. თუმცა, მერე ავსტრალიამ ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზა და 20 წუთში 3 ლელო გაგვიტანა.
ამ ერთგვარი შოკიდან ბორჯღალოსნები მალე გამოვიდნენ და ზედიზედ 4-ჯერ მიეცათ ლელოს გატანის საშუალება და შანსი მეოთხე ჯერზე გამოვიყენეთ.
შესვენების შემდეგ კი “ბორჯღალოსნებმა” პატარა საოცრება შემოგვთავაზეს. ჯერ ნინიაშვილმა ითამაშა ინდივიდუალურად შესანიშნავად და ლელო ძელებს შორის გაიტანა.
მერე, მეტოქეს შეტევისას, ბურთი ზედ ლელოს ხაზთან წავართით, გრძელ ფრთაზე ჩავათამაშეთ, სადაც აკაკი ტაბუცაძემ ფეხით შორს დაარტყა, თვითონვე მიჰყვა, ყველას დაასწრო და ლელო მანაც ძელებს შორის გაიტანა. ორივე ჯერზე გარდასახვა მატკავამ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა – 24:26.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით 10 წუთში საქართველო მეტოქეზე უკეთესი იყო. აკაკი ტაბუცაძემ მორიგი შეტევისას კიდევ ერთი ეფექტური ლელო გაიტანა, თუმცა მატკავამ ამჯერად ვერ გარდასახა – 29:40.
საინტერესოა ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-სგან ქართველების თამაშის შეფასება, რომელმაც აღნიშნა, რომ იყო ბრწყინვალე სანახობა და ეს ქართველების დამსახურებაა.
„ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრებილ გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს“.
ავსტრალია – საქართველო 40:29
საქართველო (15-9): ნინიაშვილი, ტაბუცაძე, კახოიძე, კვესელაძე, თაფლაძე (აბჟანდაძე 38), მატკავა, ალანია (ლობჟანიძე 41).
(1-8): მამაიაშვილი (გოგინავა 58), კარკაძე (პეტრიაშვილი 50), ქუნთელია (აფციაური 58), ჩაჩანიძე (ჯაიანი 63), ბაბუნაშვილი, ცუცქირიძე (ივანიშვილი 41), საღინაძე, ჯალაღონია (იაშაღაშვილი 70)
4ლ: ბაბუნაშვილი, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2).
3გ,ს: მატკავა
სინბინი: ნინიაშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings