2021 წლის 11 მარტი ქართული ჩოგბურთისა და ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. დოჰას მასტერსის მეოთხედფინალურ შეხვედრაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებულს, მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდას როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.
ნიკამ მატჩი საკმაოდ კარგ დონეზე ჩაატარა. ვეტერანი შვეიცარიელი კი, ტრავმის შემდეგ ნაღდად არაა ფორმაში. ქართველმა ერთადერთი შეცდომა პირველი სეტის შუაში დაუშვა, როდესაც როჯერმა ბრეიქის შესრულება შეძლო და პირველი სეტიც მარტივ გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეორე სეტში კი ნიკამ როჯერს შანსი არ დაუტოვა და უბრალოდ გაანადგურა. ბასილაშვილმა მეორე სეტი 6:1 მოიგო.
მესამე სეტში ბრძოლა გაჩაღდა და თითქოს მატჩი ტაი-ბრეიქამდე მიდიოდა, მაგრამ ნიკამ ჯერ როჯერი დააბრეიქა, შემდეგ კი მატჩზე მოწოდებისას სამმაგი მატჩ-პოინტიდან ერთი გამოიყენა.
“დაუჯერებელია. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. მასთან უბრალოდ თამაშიც უდიდესი სიამოვნებაა. მიხარია რომ დაბრუნდა. ოცნება ამიხდა, ის ჩემი კერპია. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ფედერერის ყურებაში გავიზარდეთ. ძალიან გახარებული ვარ”, – განაცხადა ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშის შემდეგ.
მაშ ასე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა და მისი აღმატებულება როჯერ ფედერერი დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings