“ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სანდრო კალანდაძე კარიერას “ფეჰერვარში” გააგრძელებს”, – ამის შესახებ “ლელოსთან” მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ განაცხადა.
“ყველა ფორმალური მხარე დასრულდა, სანდრო კალანდაძემ “ფეჰერვარში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი ოფციონის სისტემით, 1+2 წლით გააფორმა. სანდრო ნიჭიერი მოთამაშეა და მჯერა, უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტიტულოვან კლუბში მოახერხებს და ისეთი კარიერას აიწყობს, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს და საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიბრუნოს”, – ესეც ლაშა ოდილაძის სიტყვებია.
ალექსანდრე კალანდაძე, რომლის საბაზრო ღირებულებას “ტრანსფერმარკტი” 400 ათას ევროდ აფასებს, 2020-21 წლებში უკვე თამაშობდა უნგრეთში. მაშინ ის “დიოშდიორში” თავდამსხმელ გიორგი ომარაშვილთან ერთად იმყოფებოდა სტაჟირებაზე, 2021 წელს თბილისის “დინამოში” დაბრუნდა და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას იცავდა.
23 წლის კალანდაძე იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა. ამის მერე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ორ შეხვედრაში ათამაშა.
“ფეჰერვარი” (სეკეშფეჰერვარი) უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბია, სადაც ორი წლის წინ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა. 1984/85 წლების სეზონში, მაშინ ჯერ კიდევ “ვიდეოტონის” სახელწოდებით, ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, უეფა-ს თასის ფინალში გავიდა, სადაც “რეალთან” დამარცხდა. 3-ჯერ იყო უნგრეთის ჩემპიონი, ხოლო 2-ჯერ – უნგრეთის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.
ამ დროისთვის, “ფეჰერვარი” უნგრეთის 12-გუნდიან მთავარ ლიგაში (სამ წრედ თამაშდება) მე-7 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია 50 წლის უნგრელი სპეციალისტი ტომაშ პეტო. უახლოეს მატჩში (შაბათი, 1 თებერვალი) “ფეჰერვარი” ჩემპიონატის ლიდერ “პუშკაშ აკადემიას” უმასპინძლებს.
კალანდაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 3 ქართველი დახვდება – ილია ბერიაშვილი (მტკ), დავით კობოური (“უიპეშტი”), ნიკა კვეკვესკირი (“ნირედიჰაზა”).
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings