ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ქართული ფარიკაობისა და ქართული სპორტის ისტორია დაწერა. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი კამილ იბრაგიმოვი 15:8 დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო თასის ოქროს მედალი მოიპოვა. სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის სამივე სინჯის მედალს ფლობს.
დღეს, სანდრო რადიო “ფორტუნას” დღის ეთერს სტუმრობდა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
“მსოფლიო თასი ძალიან მაღალი დონის ტურნირია, სადაც 200-მდე უძლიერესი მოფარიკავე გამოდის. ამ ეტაპამდე მოსვლა ადვილი არაა. ამ გამარჯვებას დიდი შრომა ჰქონდა წინ. ტურნირის მასპინძლობის გამო დამატებითი ენერგია და მოტივაცია მქონდა. მსურდა ჩემი ხალხის თანდასწრებით მომეპოვებინა ეს ტიტული და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ამეჟღერებინა. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემი გამარჯვების სიხარული გაიზიარა. ვეცდები ქართველი ხალხი კიდევ არაერთხელ გავახარო. მთავარი სტიმული ჩემთვის არის ის, რომ მუდმივად და ყველა შეჯიბრზე გამარჯვებისთვის ვიბრძვი და მხოლოდ პირველობაა ჩემი მიზანი. ყველას ვურჩევდი დაისახონ მიზანი, რაც მათ სურთ. მთავარია სწორედ დაისახო მიზანი და დიდი სურვილი გქონდეს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ტოკიოს ოლიმპიადზე მაგრად ვიყავი მომზადებული და შემეძლო ოქრო მომეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ არის ასეთი ადამიანი – მსაჯი, რომელსაც შეუძლია ერთი შეცდომით შენს მთელ შრომას ხაზი გადაუსვას. ეს ფსიქოლოგიურად უდიდესი წნეხია, როცა ერთ ნაბიჯში ხარ მიზანთან და მსაჯის შეცდომის გამო მარცხდები. თუმცა ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, რომ ყველას დავუმტკიცო ჩემი ძალა და მიხარია, რომ ოლიმპიადის შემდეგ პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოვიპოვე. გაჩერებას არ ვაპირებ. აქტიურ სპორტში ვარ და წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია. მე მაინც გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი”, – თქვა სანდრო ბაზაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings