ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს „ბარსელონა“ საკმაოდ აქტიურობს, ალბათ უფრო იმიტომ, რომ საქმეები აქვს ბოლომდე მისაყვანი. ანდრე შევჩენკოს თავს კი ნამდვილი კომედია დატრიალდა.
„ბარსელონა“ ისევ ცდილობს ალვარო მორატას აყვანას. „ატლეტიკო“ 29 წლის ფეხბურთელში 35 მლნ ევროს ითხოვს, მაგრამ „ბარსას“ ამ თანხის გადახდა მოთამაშის მიღწევების მიხედვით უნდა: ჩატარებული მატჩები, გატანილი გოლები და ასეთები.
უსმან დემბელე მიხვდა, რომ „ბარსელონაში“ არ დაედგომება და პარიზში გადასვლა უნდა. „ბარსასთვისაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მისი გაშვება, რათა ახალი ფეხბურთელები მიიღოს.
ადამა ტრაორე „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ტოტენჰემელი“ კატალონიურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება. გამოსასყიდი თანხა 30 მლნ ევროა.
„ატლეტიკო“ ცხრიანის პოზიციაზე ახალ ფეხბურთელს ეძებს. ვარიანტებშია რობერტ ლევანდოვსკი და ჟერარ მორენო.
„რეალი“ აკვირდება „მონაკოს“ ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენის. მასში სამომავლოდ კაზემიროს შემცვლელს ხედავენ.
„იუვენტუსის“ ნახევარმცველი დეიან კულუშევსკი იჯარით შესაძლოა „მილანში“ მივიდეს.
„ჩელსის“ ჟორჟინიო შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. 30 წლის გაიტალიელებული ფეხბურთელით „იუვენტუსი“ დაინტერესებულა. კლუბი ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა, თუმცა საუბარი ზაფხულის ტრანსფერზეა.
„მანჩესტერის“ პრიორიტეტი დეკლან რაისია. „ვესტ ჰემი“ 120 მლნ ევროს მაინც მოითხოვს.
„არსენალი“ ნახევარმცველს ეძებს. „მეთოფეებს“ ჯერაც აინტერესებთ „ასტონ ვილას“ დუგლას ლუისი და არტური „იუვენტუსიდან“.
დაბოლოს მწვრთნელებზეც:
„ევერტონი“ სერიოზულად ფიქრობს ფრენკ ლემპარდზე. ლეგენდარული ფეხბურთელი „კანფეტების“ ბოსებს გასაუბრების დროს მოსწონებიათ.
ანდრეი შევჩენკოს ამბავი ჩაიხლართა. 45 წლის უკრაინელი ვერ შეუთანხმდა „ჯენოას“ კონტრაქტის გაწყვეტაზე, ამიტომ პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია ყველგან გავრცელდა, მაგრამ ბოლო წამს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის უფროსმა თქვა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ.
მოკლედ, „ჯენოამ“ შევჩენკო სამსახურიდან დაითხოვა და თან არ უშვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings