in , ,

როგორ ითამაშებს საქართველო შვედეთთან: Sport4me.ge-ის ვერსია

საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშით დაასრულებს.

შვედებს იდეალური შანსი აქვთ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულონ და ჩვენთან მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ. ვილი სანიოლის გუნდს მსოფლიოზე გასვლის შანსი არ აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, თუმცა ცუდი მატჩების შემდეგ, გუნდს რეაბილიტაცია სჭირდება.

ტრავმის გამო საქართველოს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და მის ნაცვლად სანიოლმა ნაკრებში აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელს დავით ვოლკოვს უხმო.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ოქტომბერში განხორციელებული წარუმატებელი ექსპერიმენტების გამო, ფრანგი სპეციალისტი ამჯერად განსაკუთრებულ სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს.

Sport4me.ge-ს ვერსიით შვედეთთან საქართველოს ნაკრები 4-3-3 სქემით ითამაშებს. ჩვენი სავარაუდო შემადგენლობა კი, ასე გამოიყურება.

მეკარე: ეს ის პოზიციაა, რომელზეც ყველაზე ნაკლებადაა ფიქრი საჭირო. წლებია გიორგი ლორია სტაბილურად იცავს საქართველოს ნაკრების კარს და მისი შეცვლის აუცილებლობას ვერ განვიხილავთ. სანიოლს ლორია მაშინაც კი არ შეუცვლია, როდესაც გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ძირითად მეკარედ თამაშობდა და ახლა მით უმეტეს მინიმალური შანსია შეცვალოს.

მარჯვენა მცველი: გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ კაკაბაძე, რომელიც ვაისის ფორმაციის ნაკრებში შეუცვლელ წევრად მიიჩნეოდა, ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ამ პოზიციაზე სანიოლი გრიგოლ ჩაბრაძეს დააყენებს. ჩაბრაძეს ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში კარგი სეზონი აქვს. იგი, ფაქტობრივად, უშეცდომოა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. თან, ჩაბრაძემ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ცენტრალური მცველები: დაცვის ცენტრში გურამ კაშია შეუცვლელი წევრია და მას თუ ტრავმა არ აწუხებს ან დისკვალიფიცრებული არაა ხელშეუხებელია. თან კაშია ბრატისლავას “სლოვანის” შემადგენლობაში კარგ სეზონს ატარებს და კონფერენს ლიგაზე გიბრალტარის “ლინკოლნის” წინააღმდეგ საგოლე პასიც მიითვალა.

მეორე ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვაისის ფორმაციის ნაკრებში საბა კვირკველია თამაშობდა, მაგრამ კვირკველიამ ზალიან მოუკლო და სანაკრებო განაცხადშიც ვერ ხვდება. იგივე, შეიძლება ითქვას გია გრიგალავაზე. შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელებიდან, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია და თავის გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს დავით ხოჭოლავაა.

მარცხენა მცველი: ამ პოზიციაზე ნაკრების ძირითადის წევრად დრეზდენის “დინამოს” ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე ითვლება, მაგრამ გიორბელიძე ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია და შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია ლაშა დვალსაც, მაგრამ ისიც დისკვალიფიცრებულია. ამიტომ, ვფიქრობთ, მარცხენა მცველად ვილი სანიოლი ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვს დააყენებს. აზაროვი ბათუმის “დინამოში” კარგ სეზონს ატარებს და მისით თურქული “ტრაბზონსპორიც” არის დაინტერესებული. ასევე, აზაროვმა წინა სანაკრებო მატჩებშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კოსოვოსთან მოგებულ მატცში ზურიკო დავითაშვილს, სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი.

ნახევარდაცვა: საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ასევე შეუცვლელი წევრია და ის ძირითადში აუცილებლად იქნება. ასევე, ვვარაუდობთ, რომ კანკავას ცენტრში კვეკვესკირი შეუწყვილდება. კანკავა და კვეკვესკირი გუნდშით თამაშობდნენ ერთად და კარგად არიან შეთამაშებული. წინა მატჩებმაც აჩვენა, რომ საყრდენებად სხვა წყვილმა ნაკლებად გაამართლა.

ე.წ. “ფლეიმეიკერის” პოზიციაზე ჩვენი ვერსიით გიორგი ჩაკვეტაძეს ვიხილავთ. საბერძნეთთან და კოსოვოსთან მატჩში ჩაკვეტაძემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 22 წლის შემტევი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს. ასევე, იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც შესაძლოა ამ პოზიციაზე განვიხილოთ, ჩაკვეტაძე ყველაზე მობილურია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

მარჯვენა შემტევი: ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში საბა ლობჟანიძეს მოვიაზრებთ. თურქული “ჰათაისპორის ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს. სათამაშო პრაქტიკაც აქვს და თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

მარცხენა შემტევი: მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად კარგ ფორმაში ვერაა და ბოლო პერიოდში იმ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს, რომელიც მას შეუძლია და მისგან ველით, ვფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იქნება. ქართველ ტალანტს უკვე “რუბინშიც” ძირითადში ათამაშებენ და გუშინ მიუხედავად, “როსტოვთან” რუბინის” დიდი ანგარიშით მარცხისა (1:5), კვარაცხელია გამორჩეული იყო.

ცენტრალური თავდამსხმელი: ამ პოზიციაზე ვილი სანიოლმა ბევრ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ ბოლო მატჩებში ძირითადად გიორგი მიქაუტძეს ვხედავდით, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და ალბათ ახლაც ის იქნებოდა ძირითადში, თუმცა მან ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ფორვარდად სანიოლი თორნიკე ოქრიაშვილს ენდობა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეორე დებიუტანტი ნაკრებში: მიქაუტაძეს ვოლკოვი შეცვლის

ცსკას მორიგი მარცხი: თოკოს 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი