ინგლისში არასრული ტური გაიმართა, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც მოხდა, რადგან მე-4 საჩემპიონთალიგო ადგილისთვის მებრძოლმა გუნდებმა ითამაშეს და მოულოდნელად იღბალი „მანჩესტერის“ მხარეს დადგა. ასეთი რამ უფრო იტალიაში სჩვევიათ: გადამწყვეტ დროს ყველა ფავორიტი რომ ერთდროულად აგებს. აგერ მშვენივარდ მოთამაშე „ტოტენჰემმა“, რომელიც დაწინაურდა კიდეც მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში, ადგა და შინ რატომღაც „ბრაიტონთან“ წააგო. ამ შანსით ვერ ისარგებლა ცოტა ხნის წინ ყველაზე კარგად სიტუაციაში მყოფმა „არსენალმა“, რომელმაც ზედიზედ მესამედ წააგო და შანსი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ არა ასეთი თამაშით.
მორიგი ქულები დაკარგა “ვესტ ჰემმაც” (ბოლო 4 მატჩში 1 მოგება), რომელმაც ძალიან გაირთულა მე-4 ადგილზე გასვლის ამოცანა, მეტიც, “ჩაქუჩები” დიდი ალბათობით ევროპის ზონაში საერთოდ ვერ მოხვდებიან.
სამაგიეროდ, მეტოქეების ბორძიკით ისარგებლა „მანჩესტერმა“, უფრო სწორედ კრიშტიანო რონალდომ. „იუნაიტედი“ ორი ბურთით თითქოს მშვიდად უგებდა ბოლო ადგილზე მყოფ „ნორვიჩს“, მაგრამ მეტოქეს გათანაბრების შანსი მისცა და მერე ისევ რონალდოს ჯერი დადგა, რომელმაც როგორც იქნა ჯარიმიდან დარტყმა გაიხსენა და 3 გოლით და მოპოვებული 3 ქულით შეეწია „მანჩესტერს“, რომელიც ახლა უკვე 3 ქულით ჩამორჩება „ტოტენჰემს“.
ვინ იცის, სეზონის ბოლოს რა ფასი დაედება კრიშტიანოს ამ სამ გოლს, ისე კი რონალდოს ჰეთ-თრიქის მნიშვნელობასა და მიღწევაზე აქვე, სტატისტიკაში წაიკითხავთ.
„მანჩესტერმა“ ბოლო 4 მატჩიდან პირველად მოიგო.
რანგნიკი: „მანჩესტერმა“ თამაშის ხარისხი უნდა მოუმატოს და მარტო რონალდოს იმედზე არ იყოს“.
რონალდო იტანს 20+ გოლს კლუბებში ზედიზედ 16 სეზონია.
რონალდო გახდა 36 წელს გადაცილებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 15 გოლი გაიტანა.
რონალდომ კარიერაში მე-60 ჰეთ-თრიქი შეასრულა – ეს რეკორდია. მესის 55 აქვს.
რონალდომ ამ სეზონში მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიქი.
რონალდო დაახლოებით 1 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსის სახით ამ ჰეთ-თრიქის გამო.
რონალდო: „მე-60 ჰეთ-თრიქი კარიერაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამან „მანჩესტერს“ 3 ქულა მოუტანა“.
რონალდო დაეწია მესის საჯარიმოდან გატანილი გოლებით – 58 გოლი.
რონალდო ჯარიმიდან 651 დღე ვერ იტანდა (კლუბებში).
რონალდოს ჯარიმიდან გატანილი პირველი გოლია „მანჩესტერში“ 10 დარტყმიდან. „იუვენტუსშიც“ 1 გოლი ჰქონდა 71 მცდელობიდან.
„არსენალმა“ ზედიზედ სამჯერ წააგო. ბოლო 5-დან კი 4-ში დამარცხდა.
არტეტა: „ძნელი გასაგებია როგორ წავაგეთ. ჩვენი ფორმა მაშფოთებს“.
პრემიერლიგა – XXXIII ტური
ტოტენჰემი – ბრაიტონი 0:1
მანჩესტერი – ნორვიჩი 3:2
საუთჰემპტონი – არსენალი 1:0
უოტფორდი – ბრენტფორდი 1:2
ნიუკასლი – ლესტერი 2:1
ვესტ ჰემი – ბარნლი 1:1
სხვა მატჩები გადაიდო
19 აპრილი
ლივერპული – მანჩესტერი (XXX ტური)
20 აპრილი
ჩელსი – არსენალი (XXV ტური)
ევერტონი – ლესტერი (XVIII ტური)
ნიუკასლი – კრისტალ პალასი (XXX ტური)
სიტი – ბრაიტონი (XXX ტური)
ბარნლი – საუთჰემპტონი (XXX ტური)
GIPHY App Key not set. Please check settings