in

პირველი ჩემპიონთა თასი – 1955 წელი

ჩემპიონთა ლიგა – მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი, რომლის შემოსავლებიც ბევრი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს უტოლდება ან აღემატება. ეს ყველაფერი დღეს, მაგრამ შორეულ 1955 წელს ყველაფერი სხვაგვარად იწყებოდა.

გაბრიელ ანო – ეს სახელი შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ამ სტატიის არსი, სწორედ ისაა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის წიაღში ვიმოგზაუროთ და მთავარ გმირებს გავეცნოთ. ვინ იყო ანო? მისი ვიკიპედია გვერდი ძალზედ მოკრძალებულია. შესაბამისად, თუ მისი ცხოვრებით დაინტერესდებით ავტო ან სხვის მიერ დაწერილი ბიოგრაფიით უნდა იჯეროთ გული. ფრანგული „ეკიპი“ – ალბათ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს სმენია. ჰოდა, ეს ჩვენი ანოც ამ გაზეთს წარმოადგენდა.

1954 წელს, ინგლისურმა „ვულვზმა“ თავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი უწოდა. ამას „ეკიპი“ არ დაეთანხმა და გიჟური იდეით წარსდგა სცენაზე.
„შევქმნათ საერთაშორისო საკლუბო პირველობა და იქ გვიჩვენეთ რა ბიჭებიც ხართო“.
1955 წელს კი პროექტის vol 2.0.1 ჩაეშვა და აქ იწყება ისტორიის წერა.
პირველი მონაწილეები: ვენის „რაპიდი“; „ვიოროშ ლოგობო“; „სპორტინგი“; „დიურგარდენი“; „ანდერლეხტი“; „მილანი“; „ზაარბრიუკენი“; „სერვეტე“; „ორჰუსი“; „პსვ ეინდჰოვენი“; „ჰიბერნიანი“; „ესენი“; „რეიმსი“; „გვარდია ვარშავა“; მადრიდის „რეალი“ და ბელგრადის „პარტიზანი“. თექვსმეტივე მონაწილის სია ვიცით. ახლა კი უფრო სიღრმეში შევცუროთ.

„ჰიბერნიანის“ გამოჩენა ცოტა გასაკვირი ამბავია. ამის გამოისობით, ედინბურგული კლუბი იქცა პირველ ბრიტანულად, რომელმაც ევროთასებზე მიიღო მონაწილეობა. ალბათ ახლა გაიფიქრეთ, ზოლიანები ჩემპიონები გახდნენ და ადგილიც დამსახურებულად დაისაკუთრესო. ცდებით, ეს 1955 წელია და შედეგებს არავინ აქცევს დიდ ყურადღებას.

გათვლა ასეთი გახლდათ, ინგლისის ჩემპიონს უნდა ეასპარეზა, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი „ჩელსი“ ფეხბურთის ასოციაციამ დაარწმუნა, რომ ფუჭი დროის კარგვა იქნებოდა იქ მონაწილეობა და ინგლისელები ჩაეხსნენ. შემდეგ შტლანდიის ჩემპიონ „აბერდინზე“ გადაერთნენ, მაგრამ იქიდანაც უარი მიიღეს. 1954-55 სეზონი „ჰიბერნიანმა“ მე-5 პოზიციაზე დაასრულა, შესაბამისად ჩემპიონთა თასზე რა ხელი ჰქონდა, მაგრამ, მთლად ასეც არაა.

ტურნირის ორგანიზატორთა კრიტერიუმები შემდეგნაირი გახლდათ. მონაწილე გუნდის სტადიონზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო “floodlight” ანუ ხელოვნური განათების სისტემა, რათა შუაკვირის საღამოს გასამართ მატჩებს გამკლავებოდა. სწორედ იმ სეზონში დაინერგა ეს სისტემა „ისთერ როუდზე“ და ამ მხრივ, „ჰიბები“ ერთადერთნი იყვნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ გუნდის შემტევი პოტენციალი და ლაღი სათამაშო სტილი, რითაც მაყურებლის გულს მოიგებდნენ. ეს ის პერიოდია, როცა ჰიბერნიანში “ფამოუს ფივე” ანუ ცნობილი შემტევი ხუთეული თამაშობდა. გორდონ სმიტი, ბობი ჯონსტოუნი, ლოური რაილი, ედი ტურნბული და ვილი ორმონდი. იმ პერიოდში 5 შემტევით თამაში ჩვეული მოვლენა გახლდათ, მაგრამ ედინბურგელები ამ მხრივ გამოირჩეოდნენ. შოტლანდიის საფეხბურთო დიდების დარბაზში შემავალმა ხუთეულმა კარიერაში 1102 გოლი გაიტანა! ჰო, ისიც არ იფიქროთ, რომ მთლად ჯილდოს ნაკლებობით გამსჭვალულ გუნდს დაუძახესო. 1948 წლიდან მოყოლებული, „ჰიბერნიანმა“ სამჯერ იჩემპიონა.

ასევე, გუნდს უნდა ჰქონოდა ტურნეზე ასპარეზობის გამოცდილებაც. 1953 წელს, დიდებული, შემტევი ფეხბურთის გამო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ „ჰიბერნიანი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იხმო. ოღონდ, ფიფამ ამ სახელის გამოყენებას მწვანე შუქი არ აუნთო და ბრაზილიელებმაც ტურნირს „  “Octagonal Rivadavia Correa Meyer” დაარქვეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ჰიბერნიანის“ იქ აღმოჩენა სულ არ ყოფილა გასაკვირი. რაც შეეხება ტურნირს. შოტლანდიელებმა ნახევარფინალს უწიეს, სადაც „რეიმსი“ შეხვდათ და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდნენ. თავის მხრივ, „რეიმსს“ ფინალში მადრიდის „რეალი“ ელოდა და ჩემპიონთა თასის საინაუგუროაციო სეზონის ფინალური აკორდი „პარკ დე პრანსზე“ გაიმართა. საფრანგეთის ნაკრების საბაზისო გუნდმა „რეიმსმა“ დი სტეფანოს „რეალს“ ვერაფერი მოუხერხა და 3:4 დამარცხდა.

აქედან დაიწყო მადრიდელთა მოგზაურობა ჩემპიონთა ლიგის მაგიურ სამყაროში, სადაც 14-ჯერ იჩემპიონეს!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სკანდალი უელსში: გიგსს ყოფილმა გულისსწორმა სასამართლოში უჩივლა, რაიანმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

შოთამ ბიჭები შეკრიბა: ჰალ სიტიმ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო