in

პაატა გურასპაული: ესპანეთთან გამარჯვება უკვე წარსულია – როგორ ემზადება ნაკრები ევრობასკეტისა და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის…

რადიო “ფორტუნას” გადაცემა sport4me-ის სტუმარი კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული გახლდათ და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ფედერაციის განვლილი გზა ბოლო თვეების განმავლობაში

პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფედერაციის თითოეულ თანამშრომლებს, რომელთათვისაც, დაახლოებით ორი თვეა სამსახურის გარდა სხვა სიტყვა არ არსებობს.

თქვენ ახსენეთ ევრობასკეტი, თუმცა იქამდე ჩვენ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატი და „NBA JUNIOR” ჩავატარეთ, რომელშიც 1200 ბავშვი მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, 700-მდე მატჩის ორგანიზება, ლოჯისტიკური ნაწილი, დელეგატთა მომსახურება, მსაჯები და სხვა უამრავი საორგანიზაციო საკითხი, რომელთა მოგვარებაც ფედერაციის თანამშრომელთა მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან ახლა დაიწყო ევრობასკეტი 20 წლამდელებს შორის, რომელში მონაწილეობასაც 19 ქვეყანა მიიღებს, პლუს ევრობასკეტი, რომელიც სექტემბერში აიღებს სტარტს და მოკლედ, ძალიან, ძალიან დიდი შრომის ჩადება უწევთ ფედერაციის თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მათ. ჰო, ევრობასკეტის დასრულების შემდეგ სიტუაცია შედარებით შემსუბუქდება, მაგრამ კვლავ ბევრი იქნება გასაკეთებელი.

ევრობასკეტისათვის მზადება

მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ქართულმა კალათბურთმა დიდ გამარჯვებას მიაღწია, როდესაც გავიგეთ, რომ ევრობასკეტის ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართებოდა. ეს შედეგი მუხლჩაუხრელმა შრომამ მოიტანა, რომელიც ქართულმა კალათბურთმა წლების განმავლობაში შეასრულა.

რაც შეეხება ევრობასკეტს, ამ მხრივ, შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ფედერაციის გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი ხელმძღვანელობს და მასში უკლებლივ ყველა თანამშრომელია ჩართული. ამიტომ აღვნიშნავ ლოჯისტიკურ ნაწილს, რათა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფედერაციის თანამშრომლებს. ევრობასკეტის საორგანიზაციო მზადება ძალიან კარგ ტემპში მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა და სანდრო მამუკელაშვილის ჩამოსვლის თარიღი

ნაკრები 19-20 ივლისს შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 24 ივლისამდე გუნდი თბილისში ჩაატარებს ვარჯიშებს და შემდეგ სლოვენიაში გაემზავრება, სადაც ვარჯიშების პარალელურად, რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

არის გეგმა, რომ ამის შემდეგ ნაკრები თბილისში უნდა დაბრუნდეს და, სწორედ ამ დროს ველით სანდროს ჩამოსვლას. მოგეხსენებათ, ამერიკაში ასეთი წესი მოქმედებს. NBA-ში მოთამაშე უკლებლივ ყველა კალათბურთელს გუნდები აძლევენ კონკრეტულ დროს, რათა კალათბურთელებმა ნაკრების დახმარება შეძლონ. სანდროს შემთხვევაში ეს პერიოდი 8 აგვისტოს იწყება და, ალბათ, თბილისში შეუერთდება ნაკრებს.

ამის შემდეგ, ისრაელის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი და ბოლოს „აკროპოლისის თასი“, რომელიც გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს ოფიციალურ მატჩებამდე. ამ თასზე, ბოლოს, 2017 წელს ვიასპარეზეთ და გეხსომებათ, საბერძნეთისა და სერბეთის ნაკრებების დამარცხება მოვახერხეთ, რის გამოისობითაც, ტრიუმფატორები გავხდით, შესაბამისად, ჩვენ მიმართ, მოლოდინი გაორმაგებულია.

24 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმასპინძლებს, ხოლო 27 ში უძლიერეს იტალიის ნაკრებს გასვლაზე დაუპირისპირდება, რის შემდეგაც უკვე 1 სექტემბერს, ბელგიის ნაკრებით გავხსნით ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს.

ესპანეთთან მატჩის გამოძახილი

მოდი, საორგანიზაციო ნაწილით დავიწყოთ და შედეგი ტკბილ ლუკმად მოვიტოვოთ. ამ მატჩმა, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ფიბასგანაც გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, ყველა აცნობიერებს, რამდენად რთულია ასეთი შეხვედრისათვის მომზადება, რადგან ესპანეთთან მატჩი ახალი დარბაზისათვის სადებიუტო იყო, შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფრის გათვალისწინება რთულ პირობებში გვიწევდა, რადგან პირველი იყო და ნებისმიერი მოულოდნელობისათვის მზად უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა.

რაც შეეხება შედეგს, დაუვიწყარი საღამო გამოვიდა, რადგან მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ვსძლიეთ, თუმცა ბიჭებსაც ვესაუბრე და ყველა აცნობიერებს, რომ ეს უკვე წარსულია და ხიბლში არავინ უნდა იყოს.

განსაკუთრებით, რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯერ-ჯერობით კარიერის მატჩი ჩაატარა, თუმცა ყველა და პირველ რიგში, თავად უნდა აცნობიერებდეს, რომ ყოველთვის ასე არ იქნება და ხანდახან უფერული მატჩებიც გამოერევა, საამისოდ კი მენტალურად მზად უნდა იყოს.

უკრაინასთან მატჩი და გოგას დასანანი ტრავმა

ძალიან რთული მატჩი გამოდგა და მწამს, რომ გოგასთან ერთად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამწუხაროდ, ისევ იმ ტრავმამ იჩინა თავი, რომელიც გოგასთვის ქრონიკულად იქცა და პერიოდულად ახსენებს ხოლმე თავს.

გოგასთან ერთად გამარჯვების შესახებ ვთქვი და უფრო დეტალურად ავხსნი. წარმოიდგინეთ, რამდენი კომბინაცია იყო დახაზული გოგასთან ერთად და ილიას ზუროსს პრაქტიკულად მატჩის მსვლელობისას მოუხდა ყველაფრის გადასხვაფერება. ერთია, როდესაც იცი, რომ მოთამაშე ვერ გეხმარება და გაქვს დრო, რომ ჯეროვნად მოამზადო ალტერნატიული გეგმა, თუმცა მეორეა, როდესაც კალათბურთელი უშუალოდ მატჩის წინა გახურებისას იღებს დაზიანებას, რაც ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

ასევე, უდიდესი დანაკლისი იყო გიორგი ცინცაძის ტრავმა. ბუმ, სეზონის სტარტზე ისეთი დაზიანება მიიღო, რომლის შედეგადაც უამრავი კალათბურთელი კარიერას ასრულებს, მაგრამ ცინცაძე არ შეეპუა, იბრძოლა და დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ცინცაძე დაგვეხამრება და ასეთი თავდადებისათვის დიდი მადლობა მას.

დასანანი გამოდგა უკრაინასთან მარცხი, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ბევრად იოლი სიტუაცია იქნებოდა. ჩვენ უკვე მე-5 ევრობასკეტს ვითამაშებთ, ხოლო მუნდიალი ჯერაც სანუკვარი მიზანია და ჩემი აზრით, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ევრობასკეტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთარის აქილევსი: კიტე ისევ ვერ თამაშობს

დღეს კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის წილისყრაა