in ,

ნუკრი რევიშვილი: განსხვავება ნამდვილად დავინახე – რატომ იყო ნაკრებში ცვლილებები აუცილებელი

რას ფიქრობს ვილი სანიოლის სამწვრთნელო დებიუტზე, რა განსხვავებას ხედავს ვლადიმირ ვაისსა და ფრანგ სპეციალისტს შორის და რას უწინასწარმეტყველებს ხვიჩა კვარაცხელიას – რადიო „ფორტუნას“ შეკითხვებს საქართველოს ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, ნუკრი რევიშვილი პასუხობს.

ნუკრი, საქართველოს ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით უკვე სამი მატჩი გამართა და ალბათ შეგვიძლია მისი დებიუტის შეფასება…

დიახ, მეც ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორი მწვრთნელი იყო ვილი სანიოლი და მიუხედავად იმისა, რომ სამი მატჩი ბევრი არ არის, ვფიქრობ, ნაკრებს მისი ხელი უკვე დაეტყო. მიმაჩნია, რომ მასთან ერთად ჩვენს ეროვნულ გუნდს კარგი მომავალი ელის. რასაკვირველია, სანიოლის არ ჰქონდა საკმარისი დრო საიმისოდ, რომ ნაკრებს კარგად გაცნობოდა, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ამის მიუხედავადაც მან მაინც შეძლო მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა ჩვენი გუნდის თამაშში. ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ამ სანაკრებო ფანჯარაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგზე ვერ აისახა და სამწუხაროდ შესაბამისი რაოდენობის ქულები ვერ ავიღეთ. მიმაჩნია, რომ სანიოლისთან ერთად მომავალი გვაქვს, ამიტომ მას ხელი ყველანაირად უნდა შევუწყოთ.

საინტერესოა რა მსგავსებებს და განსხვავებებს ხედავთ ვილი სანიოლის და მისი წინამორბედის, ვლადიმირ ვაისის საფეხბურთო ხედვაში? რეალურად რა შეიძლება შეცვალოს გუნდის სათამაშო სტილში და ტაქტიკაში ახალმა მწვრთნელმა?

განსხვავება ნამდვილად დავინახე, თუნდაც ის, რომ ახლა უფრო მეტს ვრისკავდით, ვიდრე ადრე. ნაკრებმა უფრო გაბედულად და დალაგებულად ითამაშა. ჩემი აზრით, ესპანეთთან პირველი ტაიმი საერთოდ იმის მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა ვეთამაშოთ გრანდებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ცვლილებები ჩვენთვის აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ აშკარად ჩანს ბიჭებში მეტი მოტივაცია, მეტი ენთუზიაზმი და შემართება. ალბათ რაც უფრო მეტი დრო ექნება სანიოლის, გუნდს უფრო დაალაგებს და რაც მთავარია, მოგებებსაც ვნახავთ.  

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთულეს ჯგუფშია და ალბათ ძნელი წარმოსადგენია ამ ჯგუფიდან გასვლა. თქვენი აზრით, ხომ არ იქნება უმჯობესი, თავიდანვე ერთა ლიგაზე ვკონცენტრირდეთ, რადგან ერთა ლიგიდან საგზურის მოპოვება უფრო რეალური ჩანს?

ალბათ, ასეც უნდა მოხდეს და ამას ვილი სანიოლიც დაალაგებს ისე, რომ სადაც გასვლის შანსი მეტი გვაქვს, იქ უფრო ვიბრძოლოთ. რასაკვირველია, ერთა ლიგაზე მეტი შანსი გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე ახლავე ხელი ჩავიქნიოთ. ჯერ დაკარგული არც აქ არის არაფერი, ამიტომ ალბათ ორივე ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. შემდეგში კი ვნახავთ, რა მოხდება.

ხვიჩა კვარაცხელია დღეისათვის საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და ალბათ, უკვე თქვენც საქმის კურსში ხართ მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ხმების შესახებ. ხვიჩა ამ ეტაპზე რუსულ კლუბში თამაშობს. ზოგადად მიიჩნევა, რომ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოდან რუსეთში მიდიან, შემდეგ უკეთეს საფეხბურთო ლიგებში მოხვედრა უჭირთ. ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ხვიჩას ტრანსფერი ევროპულ ტოპ-ლიგაში და არის თუ არა შანსი, რომ თავისმა ამჟამინდელმა გუნდმა მას ამაში ხელი შეუშალოს?

მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მითებია და სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, ხვიჩას არავინ  შეუშლის ხელს იმაში, რომ უკეთეს გუნდში წავიდეს. პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყონ კიდეც. რუსეთიდან წასვლაც ისევე შეიძლება, როგორც სხვა ქვეყნიდან, ამაზე პრობლემას არავინ შექმნის. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია და ჩემი აზრით, ძალიან სწორად მოიქცა, რომ ზამთარში არსად გადავიდა, რადგან ახლა თავისი შესაძლებლობები კიდევ უკეთესად წარმოაჩინა და გაცილებით დიდ გუნდში შეუძლია გადასვლა. ვფიქრობ, ეს ასეც იქნება და ალბათ ზაფხულში ხვიჩა რომელიმე ტოპ-კლუბს შეუერთდება.

ნუკრი, თქვენ მეკარეთა იმ იშვიათ ჯგუფს მიეკუთვნებით, ვისაც გოლი აქვს გატანილი. საინტერესოა რომელი უფრო კარგი გრძნობაა, გოლის გატანა თუ კარგი სეივის შესრულება?

დიახ, გოლი მართლაც მაქვს გატანილი, თუმცა მეკარისათვის კარგ სეივზე მნიშვნელოვანი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენს გუნდს მნიშვნელოვან მატჩში გადაარჩენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: ზაფხულში ბელგიას ვეთამაშებით

ფოტო: ფეხბურთელების 8 მდიდრული სახლი