ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ქალი პარასპორტსმენი გახდა, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება მოახერხა.
თიბილაშვილმა ამ წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ყველას მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში მადლობა, ახლაც ემოციებში ვარ და მინდა, ყველაფერი გაგიზიაროთ. მადლობა აურაცხელი მოლოცვებისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან მიყვარხართ და უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ყველას გამარჯვებაა და ამ გამარჯვების უკან უამრავი ადამიანი დგას, ქედს ვიხრი ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის წინაშე, ჩემი მაესტროები, ჩემი გოგონები. უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ, რომ გამზარდეთ, რომ მასწავლეთ, დღეს მე მებრძოლი ვარ, დღეს მე მეომარი ვარ, დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა.
მინდა თითოეულ მათგანზე სათითაოდ მოგიყვეთ და გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც ეს ბედნიერება მაჩუქეს, მათ ცხოვრება მაჩუქეს ისეთი ცხოვრება, რომელსაც ვერც კი ვინატრებდი. ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ფარიკაობის ოჯახია: მალხაზ მესხი, მერაბ ბაზაძე, ბექა ბაზაძე, არჩილ უგულავა, გვანცა ზადიშვილი, ირმა ხეცურიანი, სანდრო ბაზაძე, დიანა ჯიშიაშვილი.
მინდა ირმაზე ვისაუბრო, რომელიც ნამდვილი გმირია და ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება სიძლიერის და ადამიანობის ეტალონი. მან პირველმა დაიწყო და საოცარ ისტორიას წერს. მან მე და გვანცა გაგვზარდა და დღემდე გვზრდის, მადლობა შენ, რომ გვასწავლე თუ როგორ არ უნდა დავნებებულიყავით. უღრმესი მადლობა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს, მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართულია ჩვენს განვითარებაში, მადლობა თითოეულ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლებს, ყველა ექიმსა თუ მძღოლს. ყველას ვერ ჩამოვთვლი იმდენი ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თითოეული ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია! მადლობა ვახო გოლიჯაშვილს, რომ ტრავმირებული ხელი გადამწყვეტ მომენტში ამიმუშავე. უღრმესი მადლობა ჩემს მშობლებს და ჩემს ოჯახს, რთული პერიოდის შემდეგ პირველად დავინახე მათ თვალებზე ცრემლები, ბედნიერების ცრემლები და დამერწმუნეთ ეს ყველანაირ ოქროზე უფრო მნიშვნელოვანია, უღრმესი მადლობა ჩემს ნათესავებს და ჩემს ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველა ჩემს მეგობარს.
მადლობა ჩემს სიყვარულს, რომ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, თქვენი ყველას დამსახურებაა, რომ მე ჩემს პირველ პარაოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ჩამომაქვს საქართველოში, მადლობა საქართველო, რომ შენი ქვეყნის შვილი ვარ, ვამაყობ და ბედნიერი ვარ. მიყვარხართ და მადლობა”.-წერს ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში
GIPHY App Key not set. Please check settings