გუშინ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის მატჩები გაიმართა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებიც ვიხილეთ.
25-ე ტური
სამტრედია – ტორპედო 4:1
შუქურა – დინამო თბილისი 0:4
თელავი – დინამო ბათუმი 0:1
დილა – საბურთალო 0:0
ლოკომოტივი – სამგურალი 2:2
ტური სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. იმერულ დერბიში “სამტრედია” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა. არადა, ბოლო პერიოდში ქუთაისელები კარგ ფორმაში იყვნენ. კახა ჩხეტიანის შეგირდებს ორმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ და ამ მატჩშიც ფავორიტად მიიჩნეიდნენ. სამტრედიელებს კი, წინა ტურში “სამგურალთან” დიდი ანგარიშით ჰქონდათ წაგებული.
ისიც სათქმელია, რომ “სამტრედია” ამ მატჩის წაგების შემთხვევაში ფაქტობრივად ლიგიდან გავარდნილი იყო და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. შეხვედრა “ტორპედომ” კარგად დაიწყო. ქუთათურები მეჰდი ბოუკასის გოლით დაწინაურდნენ. “სამტრედიამ” ტაიმი მაინც მოიგო. იმერელთა ხორვატმა ლეგიონერმა ნიკოლა პრელჩეცმა დუბლი მიითვალა.
მეორე ნახევარში ნიკოლა პრელჩეცმა მესამეც გაიტანა, რასაც ერთი გოლი მათე კვირკვიამაც მიამატა და ცეცაძის გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ამ გამარჯვებით სამტრედიელები მაინც ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ ქობულეთის “შუქურასთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს.
ქობულეთის “შუქურამ”, რომელიც ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საშინაო მატჩებს თავის ქალაქში ვერ მართავს, თბილისის “დინამოს” ფოთში უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. დინამოელთაგან გოლები ზორან მარუშიჩმა (2), ბერნარდ ოსეიმ და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს.
მძიმე თამაში გადაიტანა ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა და გათამაშების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ბათუმის “დინამომ”. თელავის “კავკასიონი არენაზე” შავი ზღვისპირელებმა ჯამბულ ჯიღაურის გოლით იმარჯვეს.
გორში ევროტურნირებისთვის მებრძოლი ორი გუნდი გორის “დილა” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი ანდრეი დემჩენკოს გუნდის უპირატესობით წარიმართა და “დილას” გატანის რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
საინტერესო და დრამატული მატჩი გამოვიდა საგურამოში “ლოკო არენაზე”. წყალტუბოს “სამგურალი” პაპუნა ფონიავას და გიორგი თევზაძის გოლებით 2:0-ს იგებდა, თან რკინიგზელები მოედანზე 10-კაციანი შემადგენლობით იყვნენ. მსაჯმა მოედნიდან ადამა ვადე გააძევა, მაგრამ “ლოკომ” მატჩის დატრიალება მაინც მოახერხა. ჯერ მამია გავაშელიშვილმა გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ულად ომარ იმრანმა დააფიქსორა.
25 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:
GIPHY App Key not set. Please check settings