in

ნაპოლი ყველას უგებს და რეკორდს ამყარებს: ხვიჩა ძირითადში დაბრუნდა და კარგი იყო

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 36-ე ტურში „ინტერი“ მიიღო და 3:1 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონია, ეს არ ყოფილა რიგითი მატჩი, რაც სასტარტოსაც დაეტყო. თუ წინა შეხვედრებში სპალეტიმ როტაციას მიმართა, ახლა უკვე საბრძოლო და ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. საქმე ისაა, რომ „ინტერი“ იყო ერთადერთი გუნდი, ვისთვისაც „ნაპოლის“ ამ სეზონში არ მოუგია. უკვე ჩემპიონს ჰქონდა სურვილი, რომ ჩემპიონატი ყველა, 19-ვე მეტოქის დამარცხებით დაესრულებინა. ასეც მოხდა, თუმცა ეს მარტივად არ მოსულა.
აი „ინტერმა“ კი პირიქით, გადაახალისა შემადგენლობა. ამ გუნდს ერთ კვირაში სამი რთული მატჩი უწევს და სიმონე ინძაგიმ როტაციას მიმართა.

„ნაპოლის“ ბურთი ეჭირა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქე კართან ახლოს და სახიფათოდ არ უშვებდა. მასპინძლებს დიდი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მიეცათ, როდესაც გალიარდინიმ მეორე ყვითელი მიიღო და 41-ე წუთზე მოედნიდან მიაბრძანეს.

მეორე ნახევარში „ნაპოლიმ“ კიდევ უფრო გაიწია გასატანად და ბოლოს და ბოლოს დაუფასდა. 66-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი თავის ფლანგზე მიიღო, ცრუ მოძრაობით ორი მცველი მოტეხა და კარში გაგზავნა, თუმცა ონანამ ნახტომში მოიგერია. შეტევა გაგრძელდა და იქვე ანგისამ ძალიან ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში.
მერე მოულოდნელად, იშვიათი კონტრშეტევისას ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა (82-ე წთ) და „ნაპოლის“ რეკორდს თითქოს წყალი შეუდგა. მაგრამ კაპიტანმა დი ლორენცომ საჯარიმოს გარედან ისეთი გაისროლა, რომ ამ ბურთის ცხრიანიდან გამომძრომი დედამიწაზე არავინ იყო (85-ე წთ). სულ ბოლოს, წამატებულ დროში კი, ნეაპოლელებმა კონტრშეტევით ისარგებლეს და გაეტანომ საბოლოო წერტილი დასვა.

რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენიანი ძალიან აქტიური იყო. ბურთს ხშირად იღებდა და გამწვავებას ცდილობდა. არც დაცვითი ფუნქციების შესრულება ეზარებოდა, პასებსაც დროულად იძლეოდა და მოწინააღმდეგეები მუდმივად ყურადღებით ჰყავდა. ხსენებული დარტყმის გარდა, 70-ე წუთზე კიდევ შეაწუხა ონანა, მაგრამ ეს მეორე უფრო მარტივად ასაღები იყო. კვარა 83-ე წუთზე შეცვალეს.

„ნაპოლის“ ამ მოგების შემდეგ 86 ქულა დაუგროვდა და თუ დარჩენილი ორივე თამაში მოიგო, 92 ქულას დააგროვებს. ეს კი კიდევ ერთი რეკორდი იქნება. გუნდს ამდენი ქულა არასოდეს დაუგროვებია.
მომდევნო შეხვედრა 28 მაისს სტუმრად „ბოლონიასთანაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ახალი ვარიანტი – მანჩესტერი: გუნდი 500 მილიონს ჩამოვა და ნეაპოლელებს განიხილავს

მამარდაშვილი მეფეა: ქართველმა ვალენსიას რეალთან დრამა მოაგებინა