in

ნაპოლიმ ვეღარ მოიგო, ხვიჩა აქტიურობდა, მაგრამ ვერ გაამწვავა

„ნაპოლიმ“ წააგო. სამხრეთელებს ოთხეულისთვის მებრძოლი ძლიერი „ლაციო“ ესტუმრა და მიუხედავად უპირატესობისა, ჩემპიონატის ულაპარაკო ლიდერმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა – 0:1.

ეს „ნაპოლისთვის“ ჩემპიონატში მეორე, საშინაო არენაზე კი პირველი მარცხია.

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. „ნაპოლის“ ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა, შეტევებს კი უფრო მეტად სწორედ ხვიჩას მარცხენა ფლანგიდან ახორციელებდა. ჩვენიანიც აქტიურობდა, თუმცა ჩვეული გამწვავები ისე არ გამოსდიოდა როგორ მიგვაჩვია. მეურვედ მარუშიჩი ჰყავდა, რომელმაც ასე თუ ისე ალღო აუღო ქართველ შემტევს. კვარა გარკვეულ ეპიზოდებში მარჯვენა ფლანგზეც გადადიოდა, თუმცა ძალიან მჭიდროდ მოთამაშე რომაელებს ვერც მან და ვერც მისმა პარტნიორებმა ვერაფერი მოუხერხეს. ერთხელ კი სწორედ ხვიჩას ჩაკიდების შემდეგ ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა, როდესაც ახლო მანძილიდან ოსიმენი თავით ურტყამდა, მაგრამ გოლი არ გავიდა.

ერთადერთ გოლში კი სამწუხაროდ ხვიჩაც ურევია. სტუმრების მოწოდებულის თავით გამოტანა სწორედ მან სცადა, ბურთი კი ვესინოს დაუგორა და ურუგვაელმაც შორიდან ზედ ძელთან დაარტყა და ნეაპოლელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

„ნაპოლის“ ამ მატჩამდე ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდა მოგებული, ბოლო 4-ში კი გოლიც არ გაეშვა. საშინაო სტადიონზე კი ნეაპოლელებმა ბოლოს 2022 წლის აპრილში წააგეს „ფიორენტინასთან“.

მიუხედავად ამ წაგებისა, „ნაპოლის“ დიდად საფრთხე არ ემუქრება. გუნდი 65 ქულით პირველზეა და მეორეზე გადასკუპებულ „ლაციოს“ კი მხოლოდ 48 ქულა მოუგროვდა. 47 ქულა აქვს „ინტერს“ და „მილანს“, რომლებსაც ტურის მატჩები ჯერ სათამაშო აქვთ და პოტენციურად სხვაობა შესაძლოა 15 ქულამდე შემცირდეს.

მომდევნო თამაში „ნაპოლის“ 11 მარტს ისევ შინ უწევს, ევროზონაში მოხვედრის მსურველ „ატალანტასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილი სან ანტონიოში მივიდა

ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ…