in

მოედანზე ფულის გამო არავინ გავა, მაგრამ… როგორ აფასებენ ქართუს 30-მილიონიან პრემიას

ცნობილმა ქართველმა მწვრთნელებმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთეს „ქართუს“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიზანიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სტიმულირებაა.

შეგახსენებთ, რომ „ქართუს“ გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის გადალახვისთვის საქართველოს ნაკრები 30 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგი ეტაპის გავლისთვის – მორიგ 30 მილიონს.

გიორგი შაშიაშვილი: „ფეხბურთი იმისთვისაც არის, რომ მოთამაშეებმა გასამრჯელო მიიღონ. 30-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრების წევრები მოედანზე თანხისთვის გავლენ და ითამაშებენ, მაგრამ ფეხბურთზე ეს საკითხიც მიბმულია. სასიხარულოა, რომ ფეხბურთს გვერდში დაუდგნენ“.

გია გეგუჩაძე: „დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ფულზე არ იფიქრებენ არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელები და არც სტაფის წევრები, რადგან იქ გასვლა და თამაში უკვე დიდი სიხარულია, მაგრამ დამატებითი სტიმული ცუდი ნამდვილად არაა“.

გია ჭიაბრიშვილი: „ზუსტად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის მთავარი სტიმული წარმატებაა და არა ფინანსური მხარე. მათ ქვეყანა უყვართ, სურთ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინონ, მაგრამ ყველანაირ სამსახურში და საქმეში ფინანსები მნიშვნელოვანია, გუნდისთვის ესეც ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება“.

დავით სირაძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
„ძალიან სასიხარულო ამბავია ფონდი „ქართუსგან“ და დასაფასებელია ასეთი გადაწყვეტილება. ზოგადად ასეთი მოტივაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს მსგავსი დაფასება, მოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ და წარმატება მოუტანონ. როგორი წარმატებითაც მოვედით და როგორ წარმატებით გავედით ევროპის ჩემპიონატზე, დარწმუნებული ვარ, ეს მათ დაეხმარება, წარმატებით იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა დავით სირაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.

„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც წლებია, ეს ბიჭები აკეთებენ, რომ მივსულიყავით ამ ისტორიულ შედეგამდე. მინდა, ჩვენი გუნდის, ნაკრების სახელით, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა იაშვილმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ჩემპიონატზე 26 ქართველი წავა: უეფა განაცხადს ამატებს

ატლეტიკოს 𝘽𝙍𝙀𝘼𝙆𝙄𝙉𝙂: გიორგი მამარდაშვილი!