in

მკითხეს, აზერბაიჯანის ნაკრების ჩასაბარებლად მზად თუ ვარ: რა უპასუხა კახა ცხადაძემ

კახაბერ ცხადაძეს azerisport.com-მა ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრების, აზერბაიჯანული „სტანდარტისა“ და „ინტერის“ (ახლანდელი „შამახი“) ყოფილმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ აზერბაიჯანის ნაკრებიდან დაუკავშირდნენ.

– შენი თანამემამულე, „ნეფტჩის“ ყოფილი მცველი ვალერი აბრამიძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობას შესანიშნავად მოერგები.

– ჩემთვის დიდი პატივია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ შემიძლია აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერობა. ვფიქრობ, ასე იქნება ნებისმიერი მწვრთნელისთვის.

– აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობა გსურთ?

– ამ დღეებში აზერბაიჯანიდან დამირეკეს. ვერ გეტყვით, ვინ დარეკა, მაგრამ საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ის საფეხბურთო მოედანზე მომუშავე ფუნქციონერი იყო. ასე რომ, დაისვა კითხვა: მზად ვარ თუ არა, დავთანხმდე ამ სამუშაოს, თუ ასეთი შეთავაზება იქნება? ჩემი პასუხი გახლდათ, რომ ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია აზერბაიჯანში ჩემი გამოცდილებისა და ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების გათვალისწინებით. ბევრი წარმატებული სეზონი გავატარე და ვთქვი, რომ აზერბაიჯანში სიამოვნებით ვიმუშავებდი.

– უცხოელი სპეციალისტიც რომ იყოს, აუცილებლად საჭირო იქნება ჩვენი ფეხბურთის და მენტალიტეტის მცოდნე ადამიანი. თვლით თუ არა თავს ამ ადამიანთა რიცხვში?

– აზერბაიჯანში რვა წელი ვიმუშავე, აქედან ექვსი – ერთ გუნდში, გავხდი ქვეყნის ჩემპიონი და კლუბთან ერთად პრიზები არაერთხელ მოვიგე. ეს ასევე ეხება ყველა პოსტსაბჭოთა სპეციალისტს, რადგან ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩემთვის ძალიან ადვილი იყო აზერბაიჯანში მუშაობა, არა მხოლოდ როგორც მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანისთვის, არამედ როგორც კავკასიელისთვის. მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან და იმავე ახალგაზრდა ბიჭებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი იყო.

– რა იცით აზერბაიჯანის ნაკრების ამჟამინდელი თაობის შესახებ, რომელსაც ბევრი მიიჩნევს დამოუკიდებლობის შემდეგ თითქმის უძლიერესად?

– ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ახალი კადრების მოძიება. თუ მათ ენდობით, ისინი შეეცდებიან კიდევ უფრო გამოიჩინონ თავი და გაიზარდონ. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი არ მიეცემა, ის ყოველთვის მეორე რიგში იქნება. აზერბაიჯანში არის თაობა, რომელსაც შეუძლია, მინიმუმ, თავი ერთა ლიგაზე გამოიჩინოს.

– ეს ის გუნდია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ მოედანზე შვედეთი (3:0) დაამარცხა…

– ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში „ბარსელონა“ „ჟირონასთან“ შინ 2:4 დამარცხდა. კარგი ფუნქციური მდგომარეობა და სათანადო თამაში ყოველთვის საშუალებას მოგცემთ, უფრო ძლიერ გუნდებს წინააღმდეგობა გაუწიოთ. კარგია, როცა სიაში გყავს სუპერკლასის მოთამაშეები. მაგრამ თუ ისინი არ არიან, მაშინ მნიშვნელოვანია თამაშის და, რა თქმა უნდა, ფუნქციური მდგომარეობის დაყენება. ფეხბურთელს მოედანზე უნდა შეეძლოს დაკისრებული დავალების შესრულება. კარგი თამაში ყველასთან შეიძლება. აზერბაიჯანმა შვედეთთან შეხვედრაში აჩვენა, რომ ასეთ გუნდებთან თამაში და გამარჯვება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ სტაბილურობაზე უნდა იმუშაოთ.

– აზერბაიჯანიდან წასვლის შემდეგ თქვენი სახელი ხშირად ჟღერდა სხვადასხვა კლუბში. ადრე იყო „ნეფტჩი“, არც ისე დიდი ხნის წინ „ქიაფაზი“. მოლაპარაკება რატომ შეჩერდა?

– რვა წელი ვიმუშავე აზერბაიჯანში და, ბუნებრივია, შესაბამისი დონის შეთავაზება თუ იქნება, მზად ვარ ვიმუშაო. კლუბს სერიოზული ამბიციები უნდა ჰქონდეს. თუ არის ამბიციები, კარგი პირობები უნდა იყოს. არა მარტო მწვრთნელებისთვის, არამედ, ზოგადად, კლუბისთვის. ვიმეორებ, ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა აზერბაიჯანში დაბრუნება.

ჩემი კარიერის აზერბაიჯანულ ეტაპს ყოველთვის სამაგალითოდ ვიყენებ. ექვსი წელი „ინტერში“ ძალიან კარგი იყო. გარდა შიდა გამარჯვებებისა, ჩვენ მოვიგეთ თანამეგობრობის თასი. ამის შემდეგ მიგვიღო ქვეყნის პრეზიდენტმა. ტურნირი ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, როცა 16 გოლი გავიტანეთ ისე, რომ არცერთი გოლი არ გაგვიშვია. აზერბაიჯანთან ბევრი დადებითი მოგონება მაკავშირებს“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი გავარდა და მის ნაცვლად ხოჭოლავა გავიდა: ჩემპიონთა ლიგა

ნუ აკრიტიკებთ ხვიჩას: კვარაცხელიამ უნდა გაიაზროს, რომ…