ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” გიორგი მიქაუტაძის “იუვენტუსში” შესაძლო ტრანსფერზე წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიქაუტაძის სამსახურით ტურინული გრანდი გასულ სეზონშიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ საქმე მოლაპარაკებამდე არ მისულა. ახლა კი სავსებით შესაძლებელია, ამ ტრანსფერს ისევ დაუბრუნდეს აქტუალურობა.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე “მეცში” ძალიან შედეგიანად თამაშობს. დიდ კლუბებს კი შეუძლიათ, ამ ტრანსფერზე იფიქრონ. ამასთან, აღნიშნულია ისიც, რომ ფრანგებს 10 მილიონ ევროდ შეუძლიათ ქართველი ფორვარდის კონტრაქტის გამოსყიდვა “აიაქსიდან”, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებს ადგილს ფრანგულ ლიგა 1-ში.
ამასობაში, მიქაუტაძის თაობაზე საინტერესო მასალას გვთავაზობს “ნაპოლისთან” დაახლოებული წყარო Calcionapoli24. იმ შემთხვევაში, თუ “მეცი” საქართველოს ნაკრების ფორვარდს “აიაქსისგან” ვერ გამოისყიდის, ადვილი შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს ჟორჟის ტრანსფერი “ნაპოლიში”.
ეს მართლაც ძალიან საინტერესო იქნება. “პარტენოპეის” უსათუოდ მოუწევს ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის პოვნა – უკვე ცნობილია, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში დატოვებს “ნაპოლის”, მიქაუტაძე კი მიმზიდველი ვარიანტი იქნება თუნდაც დაბალი ფასის გამო.
ამ შემთხვევაში უდავოდ გასათვალისწინებელია ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი. ცხადია, “ნაპოლის” ლიდერმა მშვენივრად იცის საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელის შესაძლებლობები და იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან უთუოდ შეაწევს თავის წონად სიტყვას.
“მეცში” გიორგი მიქაუტაძის შედეგიანმა თამაშმა ნათლად დაადასტურა, რომ “აიაქსში” მას არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგის ერთხელაც არ უთამაშია თავის ოპტიმალურ სათამაშო პოზიციაზე.
ცალკე თემაა ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რასაც კლუბის ხელმძღვანელობა იჩენდა ჩვენებურის მიმართ. ამდენად, მიქაუტაძეს შეუძლია, დიდ კლუბშიც ისეთივე შედეგიანი იყოს, როგორც “მეცში”. ამ ეტაპზე კი მისი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ “მეცს” უძლიერსთა შორის ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings