გიორგი მიქაუტაძემ ისევ დიდებულად ითამაშა და ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი. ქართველი ფორვარდი 19 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე პასია.
ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩი „სენტ ეტიენსა“ და „მეცს“ შორის 10 წუთით შეწყდა მას შემდეგ, რაც სტუმრები 3:0 დაწინაურდნენ. როგორც დაწერეს მასპინძელთა გულშემატკივრებს მიქაუტაძის გოლის აღნიშვნა არ მოეწონათ და „მეცის“ ფანებს დაუპირისპირდნენ.
„მეცი“ მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დაააწინაურა, მე-12 წუთზე მეორე გოლი კოფი კუაომ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა. შემდეგ ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო.
„ლიონში დაბადებულმა „მეცისა“ და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა მასპინძელთა ფანების წინაშე იზეიმა. მან გამოსახა ნიშანი, რომელიც „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებმა გამოწვევად ჩათვალეს და მატჩი შეჩერდა. მეორე გოლის გატანის შემდეგ, მიქაუტაძემ მეზობელი დეპარტამენტის (სადაც „სენტ ეტიენთან“ დაპირისპირებული „ლიონი“ შედის) ნომერი 69 გამოსახა.
„მეცის“ გულშემატკივარმა გოლი მიქაუტაძის მაისურით იზეიმეს, რის შემდეგაც გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო. არბიტრი იძულებული გახდა მატჩი დაახლოებით ათი წუთით შეეჩერებინა“, – წერს „ევროსპორტის“ ფრანგული ბიურო.
„ასე რატომ აღვნიშნე? შეიძლება ცუდი იდეაა, მაგრამ მე ლიონელი ვარ და ჩვენ სენტ ეტიენში ვართ“, – განაცხადა თავად მიქაუტაძემ.
გიორგი შეხვედრის მე-80 წუთზე შეცვალეს.
სენტ-ეტიენი – მეცი 1:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (10), 0:2 კუაო (12), 0:3 მიქაუტაძე (26, პენ), 1:3 ნკუნკუ (37)
გაძევება: კამარა (80)
„მეცი“ 58 ქულით მე-2 ადგილზეა და 29 აპრილს „პარიზს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 56 ქულით მე-3 ადგილზეა და 24 აპრილს „გრენობლს“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings