in

მთავარი გონივრული თამაშია: რა სთხოვა სანიოლმა ფეხბურთელებს

საქართველოს ნაკრები დღეს, 21 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის საწყისი 15 წუთის განმავლობაში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ტრიბუნიდან ქართული სპორტის ქომაგებმა გაამხნევეს.

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა.

ვილი სანიოლი:

“გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ამის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ფეხბურთელებს ვთხოვე კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა დავალებები უნდა შეასრულონ მოედანზე. მნიშვნელოვანი თამაში გველის. თუ ვითამაშებთ გონივრულად, სწორი სულისკვეთებით და იმ მოტივაციით, რომელიც არ გვაკლია, წარმატების შანსს გავიზრდით. მაღალი დონის მოთამაშეები მრავლად გვყავს, თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, გონივრული თამაშია.

მოკლე შეკრება გვქონდა, საკლუბო მატჩების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა სანაკრებო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას მიჩვეულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მატჩია, მზადების გეგმა არ შეგვიცვლია, რადგან ფეხბურთელებს სჭირდებათ სტაბილური მოსამზადებელი გეგმა. თითოეულმა მოთამაშემ იცის, თუ როგორ უნდა მოემზადოს თამაშისთვის და მზადების პროცესში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

სტაფთან ერთად ლუქსემბურგი კარგად შევისწავლეთ. ვიცით ყველაფერი, რაც გასული 12 თვის განმავლობაში გააკეთეს. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობა იქნება. ლუქსემბურგი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და მნიშვნელოვანია, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მომზადებით. მნიშვნელოვანია, რომ არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები. კარგია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე მეტ სათამაშო პრაქტიკას იღებენ კლუბებში. ასევე, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით კარგ ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს ველი.

როგორც მწვრთნელი, მოუთმენლად ველი შეხვედრას. მწვრთნელები და მოთამაშეები მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველდღიურად, სწორედ ასეთი თამაშებისთვის და გამოწვევებისთვის ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფოკუსირებულები მთავარ მიზანზე. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელeბს ვთხოვ, იმოქმედონ ჯერ გონებით და შემდეგ გულით და არა პირიქით”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალი საუკეთესო ახალგაზრდაა

მზად ვიქნებით ოცნების ასასრულებლად: კიტეიშვილი რთულ მატჩს ელოდება