in ,

მესის დიდი ინტერვიუ: რატომ არა ბარსელონა და რატომ ამერიკა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელი ლიონელ მესი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავი MLS-ში მიდის და „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს კარიერას.

35 წლის ფეხბურთელს არ გამოუვიდა „ბარსელონაში“ დაბრუნება, ხოლო საუდის არაბეთში წასვლა („ალ ჰილალი“) არ ისურვა და მზიან მაიამიში წავიდა, გუნდში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.
მესის დებიუტი შესაძლოა 21 ივლისს მექსიკის „კრუს ასულთან“ მატჩში შედგეს.

რატომ ასეთი არჩევანი?

მესიმ MLS „ბარსელონას“ გაურკვევლობის გამო აირჩია: მშობლიურმა კლუბმა ვერ მოასწრო ფინანსური საკითხების დალაგება და საჭირო გახდა მოცდა. ლეომ კი ლოდინი და გაურკვევლობა აღარ ისურვა.

როგორ გამოვიდა ამერიკა

მთავარი კითხვა: როგორ ახერხებს ლიგა ასეთი ძვირიანი გარიგებას? საქმე ისაა, რომ MLS მოწყობილია კლასიკური ამერიკული პრინციპებით სახელფასო ჭერით და დაფუძნებულია კლუბების თანასწორობაზე.
პასუხი მარტივია: ამერიკულ ინდუსტრიას ეს სჭირდება, ამიტომ ვარიანტები გამონახეს.
არგენტინელის შემოსავალი „ინტერის“ ხელფასით არ შემოიფარგლება: ის ფულს ლიგის ორი პარტნიორისგანაც მიიღებს. ესენი გახლავთ Apple და adidas.

მესი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და არგენტინელს ყოველი სეზონის შემდეგ უფასოდ წასვლა შეეძლება. კონტრაქტი 1 ივლისს შევა ძალაში.

ლეო მესი:

„მივიღე გადაწყვეტილება მაიამიში გადასვლის შესახებ.

ძალიან მინდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ წამოვედი ამ გუნდიდან და რისი გადატანა მომიწია, აღარ მინდოდა იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი. ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ ყოფნისას ბევრი რამ დამაბრალეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ცოტა დავიღალე ამისგან და არ მინდოდა, ეს კიდევ ერთხელ გამევლო.

„ბარსელონას“ ისტორია არის თუ არა მოუშუშებელი ჭრილობა? ცოტათი კი. ეს იმის გამო, რომ ვერ დავემშვიდობე გულშემატკივრებს ისე, როგორც მინდოდა და როგორც დავიმსახურე. მე „ცუდ ბიჭად“ მაქციეს და ეს ძალიან არ მომწონდა, რადგან საქმე სულ სხვანაირად იყო.

იმ ილუზიით ვცხოვრობდით, რომ შევძლებდით ესპანეთში დარჩენას: ვვარჯიშობდი, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ. კონტრაქტის გაფორმების წინა ღამეს მითხრეს, რომ ხელმოწერა შეუძლებელი იყო და მე კლუბი უნდა დამეტოვებინა. მომიწია სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღება სხვა კლუბში გადასვლაზე და იმ ყველაფრის გავლა, რაც გავიარეთ.

მინდოდა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო და გამეთვალისწინებინა საკუთარი და ოჯახის ინტერესები. გავიგე, რომ „ბარსელონას“ სჭირდებოდა ფეხბურთელების გაყიდვა ან მათთვის ხელფასების შემცირება და სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, ეს ჩემი მიზეზით გაეკეთებინათ.

ამასთან, მინდა გავექცე ზედმეტ ყურადღებას, უფრო მეტი ვიფიქრო საკუთარ ოჯახზე. ბოლო ორმა წელიწადმა ჩვენი ოჯახისთვის ცუდად ჩაიარა. მქონდა ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ სხვა მხრივ ეს რთული პერიოდი იყო. მინდა, ისევ მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან, ოჯახთან ერთად გატარებული დროისგან, ბავშვებისგან. აი რატომ გადავწყვიტე არ გადავსულიყავი „ბარსელონაში“.

პსჟ-ზე განსხვავებული გრძნობები მაქვს. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველი წელი ძალიან მძიმე იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. მეორე სეზონის პირველ ნახევარში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ძალიან კომფორტულად ვიყავი კლუბში, ამ ქალაქში. ჩემს ოჯახს ყველაფერი კარგად ჰქონდა.
საერთო ჯამში, ეს რთული ორი წელი იყო. ახლა ის უკან დარჩა.
პარიზიდან წასვლის გადაწყვეტილება მარტო არ მიმიღია, არამედ მთელმა ოჯახმა. ისინი შეეჩვივნენ ქალაქს, ბავშვებს სკოლაში მეგობრები გაუჩნდათ. რთული იყო განშორება.

მქონდა წინადადება სხვა ევროპული გუნდიდან, მაგრამ ის არც კი განმიხილავს, რადგან ევროპაში მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაშს ვაპირებდი.
მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისა და „ბარსელონაში“ ვერმოხვედრის შემდეგ, გადავწყვიტე ამერიკულ ლიგაში გადასვლა, რათა სხვანაირად ვიცხოვრო ფეხბურთით და მივიღო მეტი სიამოვნება ყოველდღიური ცხოვრებისგან.
რა თქმა უნდა, მოგება ისევ მინდა. მაგრამ უფრო მშვიდ სიტუაციაში.

ვაპირებ ბარსელონაში ცხოვრებას. ეს ერთად გადავწყვიტე ცოლთან და ბავშვებთან. არ ვიცი როდის, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე დავეხმარები კლუბს, რადგან ყოველთვის მიყვარდა „ბარსელონა“. ვაფასებ ადამიანების სიყვარულს, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი.
დიახ, მე მინდა იქ ყოფნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რას აპირებს თემური: ქეცბაია საქართველოსთან შეხვედრას ელოდება და კვარას მეურვეობაზე ფიქრობს

დღის ციფრი: რამდენი გამომწერი მიემატა ინტერს მესის გადასვლის გამოცხადებიდან – ლეო უკვე მაიამიში დასეირნობს