UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნდა და UFC 298-ზე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებაც მოიპოვა. მეორე და მესამე რაუნდებში მან არ დაინდო ჰენრი სეხუდო და ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა. სეხუდო UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი.
ქართველმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ბატკანივით მოიგდო მხარზე და ისე შემოატარა და თან თვით მარკ ცუკერბერგის წინ დააგდო, მერე კი არც მისალმება დავიწყებია ფეისბუქის ერთ-ერთ „მამისთვის“.
ანაჰეიმში გამართული სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. ჩვენიანი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა.
პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა.
მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე ქართველმა წააქცია მეტოქე და ბრძოლა გადავიდა მიწაზე. მეორე ხუთწუთეული მერაბის აშკარა უპირატესობით დასრულდა.
მესამე, გადამწყვეტ რაუნდში, 4 წუთით ადრე დვალიშვილმა აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით ადრე კი მეტოქის „განადგურება“ დაიწყო.
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება.
სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო’მალი ფლობს.
პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს.
„ძალიან ბევრი ვიმუშავე და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ადვილად არასდროს არაფერი მიმიღია, თუმცა როდესაც ბევრს იშრომებ, ეს აუცილებლად დაფასდება. დღეს ყველაფერმა მაგრად ჩაიარა.
კარგი ბრძოლა გამოვიდა. საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული.
ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული.
ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს.
ახლა კი სატიტულო ბრძოლა მჭირდება. მომიყვანეთ შონ ო’მალი ახლავე! მინდა 10 რაუნდი ვიბრძოლო. მომიყვანეთ ეგ მსუქანი! ჩემპიონთან ჩხუბი მსურს.
ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings